შსს

შსს: ქვეყნის მასშტაბით ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს, დაკავებულია 10 პირი

police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები და საპოლოციო კოტროლი მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

შსს-ის ცნობით, დღეს, 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათიდან სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რის შედეგადაც დაკავებულია 10 პირი. შსს-ის ცნობით, დაკავებულთაგან 6 პირი წარსულში ნასამართლევია.

დაკავებულების სახლების ჩხრეკისას, უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 "საიგას" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ამასთან, ნარკოტიკული საშუალებები: 7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე გახსნილი სითხე და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. 

ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე უწყებამ საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო. ამის მიზეზად კი პრევენცია სახელდება. 

"ამ ეტაპზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 1124 ცალი საბრძოლო ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, კერძოდ, ცივი იარაღის უკანონო ტარება,"- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

უწყების განმარტებით, საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას ემსახურება.

კომენტარები