აშშ-უკრაინა

აშშ-მა უკრაინისათვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიყიდვის ლიცენზია გასცა

AP

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის მთავრობისათვის ლეტალური იარაღის მიყიდვის ლიცენზია გასცა.

The Washington Post-ის ინფორმაციით ადმინისტრაციამ ნებართვა გასცა M107A1 მოდელის სნაიპერის სისტემების და დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვაზე ჯამში 41.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფარგლებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია ასევე ფარავს ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს .50 კალიბრამდე, მაყუჩებს და სხვა ნაწილებს.

ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ გაუცია ნებართვა უკრაინის მთავრობისათვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინის" მიყიდვაზე.

აშშ-ის კონგრესმა უკვე დაადასტურა უკრაინისათვის დახმარების სახით 500 მილიონი დოლარის გამოყოფა, თუმცა ეს არ მოიცავს ლეტალურ იარაღს.

სენატორ ჯონ მაკკეინის თქმით "უკვე დიდი ხანია დროა აშშ-მ უკრაინას ლეტალური თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს, რაც მას სჭირდება რუსეთის აგრესიისაგან თავის დასაცავად და შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად. სანამ სტატუს ქვო რჩება, რუსეთს მიზეზი არ აქვს შეცვალოს ქცევა და ჩვენ უნდა ველოდოთ მეტ ძალადობას და მეტ სიკვდილს"

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმზ მეტისმა უარყო კრიტიკა, რომ უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიყიდვა რუსეთის მხრიდან მაპროვოცირებელ აქტად აღიქმება.

"თავდაცვითი იარაღი პოვოკაციული არის მხოლოდ მაშინ, როდესაც აგრესორი ხარ და ცხადია უკრაინა აგრესორი არ არის, რადგან ტერიტორია, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობს მათია." თქვა მეტისმა აგვისტოში ამ საკითხზე საუბრისას.

უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელის, კურტ ვოლკერის თქმით კონფლიქტის მანძილზე 2017 წელი ყველაზე ძალადობრივი იყო და საომარი ქმედებები კვლავ ძლიერდება.

კომენტარები