მთავრობა პარლამენტში

გახარია: პოლიციელის დადანაშაულება კანონდარღვევის დროს ალიბის ინსტრუმენტად იქცა

პარლამენტი

"ბოლო 3 კვირის განმავლობაში ჩემი დროის 50% იყო დაკავებული იმით, რომ პოლიციელები დამეცვა. ერთს თავი გაუტეხეს, მეორეს საქმე სასამართლოშია", - ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ელენე ხოშტარიას კითხვის პასუხად თქვა. ევროპული საქართველოს წევრის კითხვა პოლიციის მხრიდან ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკას და "ბირჟა მაფიას" საქმეს ეხებოდა. 

"ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც თქვენ არ გიხსენებიათ, არის ნარკოტიკის ჩადების სერიოზული პრობლემა. რამდენიმე დღის წინ გაამართლეს "ბირჟა მაფიას" წევრები. სახელმწიფოსგან დაჩაგრულ წესიერ მოქალაქეებს, სტუდენტებს, 6 თვის განმავლობაში დაატარებდნენ სასამართლოში და ამართლებინებდნენ თავს, იმავე [დაკავების] დღესვე ითქვა, რომ მათ აღიარეს დანაშაული [ნარკოტიკების შენახვა], რაც ნიშნავს, რო გარდა იმისა, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს, ეტყობა რაღაც ძალადობა და ზეწოლაც იყო, რომ მათ ეს ეთქვათ და მერე უცებ პოლიტიკურად ყველაფერი შეიცვალა. ეს ნარკოტიკი თავისით ხო არ ახტა და ჩახტა იქ. ფაქტია, რომ გვაქვს პოლიციაში ნარკოტიკის ჩადების პრობლემა", - თქვა ელენე ხოშტარია. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ "ბირჟა მაფიას" წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება პროკურატურამ შსს-ისგან დამოუკიდებლად მიიღო. 

"სულ სხვა სტანდარტი და პრიორიტეტია სასამართლოში. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაა. ვინაიდან, როდესაც შსს-ის საგამოძიებო კომპონენტი ვერ უძლებს იმ სტანდარტს, რა მოთხოვნებიც გაჩნდა სასამართლოს მხრიდან, მაშინ ხდება ეს მახინჯი რეციდივები. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, როდესაც მსგავსი შემთხვევები იქნება ფაქტობრივად დადასტურებული სასამართლოს მიერ, ჩვენი მხრიდანაც უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული. არ არის საუბარი იმაზე, რომ არასამართლიანად და არაკანონიერად ხელი დავაფაროთ. თუმცა, ერთი რამე მინდა გითხრათ, ბოლო 3 კვირის განმავლობაში ჩემი დროის 50% იყო დაკავებული იმით, რო დამეცვა პოლიციელები. ერთს თავი გაუტეხეს, მეორეზე სასამართლოშია პროცესი. ეს ტრადიცია გახდა, იმიტომ რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში პოლიციისთვის დაბრალება გახდა ალიბების შექმნის ინსტრუმენტი. რაღაც ბალანსი გაგვექცა, სადღაც გატყდა სიტუაცია. რეალურად ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველანაირი პოლიტიკური პოზიციის გარეშე, რომ საზოგადოების უსაფრთხოება არის ყველა ჩვენგანის ინტერესი", - თქვა გახარიამ. 

პარლამენტი დღეს საკომიტეტო ფორმატში მინისტრებს უსმენს. საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა და განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. 

ბირჟა მაფიას საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები