კრეტის კრება

ეპისკოპოსი გიორგი მსოფლიო პატრიარქს: უმეცრად მიგვიჩნევთ, თავი კი ბრძნად მიგაჩნიათ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი კონსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის "იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პატრიარქმა მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, განაცხადა, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არჩასული ეკლესიები მართლმადიდებლობას პატივს არ სცემენ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მსოფლიო პატრიარქს Facebook-ზე გამოქვეყნებული ღია წერილით მიმართა და თქვა, რომ მას არ მოეწონა საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებლობისადმი უპატივცემულობაში დადანაშაულება, რადგან არც საქართველოს ეკლესიას მიუღია მონაწილეობა კრეტის კრებაში. 

"მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესის კონსტრუქციულობა საყოველთაოდ ცნობილია ამ კრებასთან მიმართებაში, ჩვენი ეკლესია იღებდა მონაწილეობას წინა მოსამზადებელ კრებებში, მაგრამ როდესაც დოკუმენტებში გამოიკვეთა უაღრესად მცდარი ფორმულირებები ეკლესიოლოგიური ტერმინებისა და ასევე სხვა ხარვეზები, მაშინ საქართველოს ეკლესიამ გაუგზავნა მისი მოსაზრებები და შენიშვნები, რაც კონსტანტინეპოლის ეკლესიის მიერ იქნა უგულვებელყოფილი და იგნორირებული. მე როგორც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ვიტყვი, რომ პირიქით, კრებაზე ამ დოკუმენტებით გამგზავრება და ხელის მოწერა რბილად რომ ვთქვათ, იყო უკიდურესი უპატივცემულობა მართლმადიდებლობისა, იმ საეკლესიო კრებების თუ ეკლესიის წმინდა მამათა გარდამოცემების უგულებელყოფა,"- წერს ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი გიორგი ამავე წერილში მსოფლიო პატრიარქს მე-8 საუკუნეში მომხდარ მოვლენებს ახსენებს და ხაზს უსვამს, რომ როდესაც საბერძნეთში "მართლმადიდებლობა ვერსად მოიპოვებოდა", საქართველოში ეპისკოპოსებს აკურთხებდნენ. 

"წმინდაო მეუფეო, თქვენ რომ ესოდენ უმეცრად მიგვიჩნევთ ჩვენ, ქართველებს, თქვენი თავი კი ბრძნად და მძიმედ წარმოგიდგენიათ, უნდა იცოდეთ, რომ იყო დრო, როცა მთელ საბერძნეთში ვერსად იპოვებოდა მართლმადიდებლობა, რის გამოც იონე გუთელი, ეპისკოპოსი, მცხეთაში იკურთხა ეპისკოპოსად. ასე რომ, ვმადლობთ უფალს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, არის და იქნება უბიწოდ და შეურყვნელად, დამცველი წმინდა მართლმადიდებლური სწავლებისა,"- წერს ეპისკოპოსი. 

კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრება 2016 წლის 18-26 ივნისს ჩატარდა. 14 მსოფლიო ეკლესიიდან მხოლოდ 4-მა ეკლესიამ - საქართველოს, რუსეთის, ანტიოქიისა და ბულგარეთის - თქვა უარი. 

კრებაზე არწასვლის გადაწყვეტილება, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 10 ივნისის საგანგებო სხდომაზე მიიღო. 2 კვირით ადრე, 26 მაისის წმიდა სინოდის სხდომაზე, საქართველოს ეკლესიამ დიდი და წმინდა კრების უკვე შეთანხმებულ და მის მიერვე ხელმოწერილ დოკუმენტებში შესწორება მოითხოვა, თუმცა, კრებაზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და დელეგაციის შემადგენლობაც განსაზღვრა.

მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში კრებაზე არწასვლის დღის წესრიგში დადგომამ სინოდის წევრებიც გააკვირვა. 10 ივნისის სხდომამდე, მართლმადიდებელი თეოლოგების ნაწილმა სინოდს და წერილით მიმართა, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კრეტის ისტორიულ კრებაზე არ წავა, მას იზოლაცია ელის.

საეკლესიო კომენტატორები მიიჩნევენ, რომ კრებაზე არწასვლით ძლიერდება ეჭვი, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ ორბიტაზეა, რასაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებაც, არც თვითონ დაესწროს კრებას.

კრეტის კრებაზე გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, რაც თითოეული ეკლესიისთვის ვეტოს უფლებას ნიშნავს.

კომენტარები