მიხეილ სააკაშვილი

კარპენტერი: სააკაშვილის ქმედებები უკრაინაში კრემლისთვისაა სასარგებლო

მაიკლ კარპენტერი
ამერიკის ხმა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ქმედებები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ კრემლისთვისაა სასარგებლო. ამის შესახებ კარპენტერი უკრაინულ "ამერიკის ხმას" ესაუბრა.

"უკრაინელი ხალხი დაიღალა კორუფციისგან და კორუფცია, სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის მანძილზე გაიზარდა. ვთვლი, რომ აშშ და ევროპული საბჭო უფრო მეტად შიდა პრობლემებზე არიან გადართულები და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ უკრაინას. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების მიმართ შემცირდა ზეწოლა, რომ მათ შეასრულონ ვაშინგტონისა და ბრიუსელის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს საწყენია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილია ის სპიკერი, ვინც ამ არგუმენტებს უნდა აჟღერებდეს,"- ამბობს კარპენტერი. 

პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი წინააღმდეგობრივი ფიგურაა და ის საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ არადემოკრატიული გზებით იბრძოდა. 

"ის [სააკაშვილი] მეტისმეტად წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ის ცალსახად იწვევს პოლარიზებულ რეაქციებს საქართველოში. მართალია, მან რეალური, სიღრმისეული რეფორმები გაატარა, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფო აპარატს ოპოზიციის წინააღმდეგ ისეთი საშუალებებით იყენებდა, რომელიც დემოკრატიულ პრაქტიკასთან ვერ თავსდება. ისეთი სახე, როგორიც სააკაშვილია არ მგონია, რომ სწორი ადამიანი იყოს იმისათვის, რომ უკრაინელების წუხილის წარმომადგენელი იყოს,"- ამბობს კარპენტერი. 

ამასთან, კარპენტერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში უკრაინელი ლიდერი უნდა ჩაუდგეს. 

"ვფიქრობ, რომ მისი [მიხეილ სააკაშვილი] ბრძოლა უკრაინის ხელისუფლებასთან კრემლისთვისაა სასარგებლო. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია უკრაინის მოქალაქეებისა და კანონის უზენაესობისთვის. არის არაერთი ღირსეული უკრაინელი, რომელსაც შეუძლია სათავეში ჩაუდგეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და მე მგონია, რომ მათ ეს უნდა გააკეთონ. ეს დიდი და სერიოზული საკითხია. სააკაშვილმა პრობლემაზე აქცენტი სწორად დასვა, მაგრამ ის არ არის ის ადამიანი, რომელიც ამ მოძრაობას უნდა განასახიერებდეს,"- ამბობს კარპენტერი. 

კომენტარები