მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მზად ვარ, დიქტატურის შეჩერებას ჩემი სიცოცხლეც კი შევწირო

UNIAN

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს 17 დეკემბერს აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში დიქტატურის დამხობას "სიცოცხლეც კი შესწიროს."

"ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მსხვერპლშეწირვისთვის, თუ დიქტატურის შეჩერებას, ჩემი თავისუფლება ან თუნდაც ჩემი სიცოცხლე დაჭირდება. ბოლომდე ვიბრძოლებ. ვიბრძოლებ გამარჯვებამდე." - დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ფეისბუქ პოსტით სააკაშვილმა თავის მომხრეებს სამოქმედო გეგმაც გააცნო და განაცხადა, რომ უკრაინის გადარჩენის ერთადერთი გზა პოროშენკოს იმპიჩმენტია. 

"თუ ჩვენ ოლიგარქიის ნორმალური ცხოვრებით შეცვლა მშვიდობიანი გზით გვინდა, მაშინ აუცილებელია, დავიწყოთ მოლაპარაკებები." - აღნიშნა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.

მიუხედავად პოლიტიკური დიალოგის წარმართვის სურვილისა, სააკაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა, მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტის, გენ.პროკურორის გადადგომის, ანტიკორუფციული სამსახურების შექმნისა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის საკითხებზე.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედებოდა. პროკურატურამ სააკაშვილისვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 11 დეკემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები