სინძიანი

"ციხე ღია ცის ქვეშ" - ჩინეთი სინძიანის პროვინციის მცხოვრებლების დნმ-ს აგროვებს

China Daily/Reuters

ჩინეთის ოფიციალური პირები სინძიანის პროვინციის მოსახლეობის დნმ-ს და თითის ანაბეჭდებს აგროვებენ. ქვეყნის მთავრობის მიერ ინიცირებული კვლევის ფარგლებში რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს თვალის ფერადი გარსის სკანირება და სისხლის ტიპის დასადგენი ანალიზიც უტარდებათ. ასაკობრივი ჯგუფი 12-დან 65 წლამდე განისაზღვრა.

კვლევამ ჩინეთში უფლებადამცველებისა და ექსპერტების უკმაყოფილება გამოიწვია და საზოგადოებაში სინძიანის რეგიონს ახალი სახელი დაუმკვიდრა - "ციხე ღია ცის ქვეშ". 

ჩინეთის ხელისუფლების ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს Human Rights Watch-ის წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, კვლევა ოფიციალურად ნებაყოფლობითია, მაგრამ მთავრობამ მოპოვებული ინფორმაცია, შესაძლოა, ადამიანის თავისუფალი ნების შეზღუდვისთვის გამოიყენოს.

კრიტიკის საპასუხოდ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი მოსახლეობის სტანდარტულ აღწერას აწარმოებენ და მონაცემთა ბაზას ავსებენ.

ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში მდებარე პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. ოფიციალურ ჩინეთსა და სინძიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. 2011 წლიდან პროვინცია განსაკუთრებულ რეჟიმში კონტროლდება.

კომენტარები