კახა ბექაური

TI: კახა ბექაური საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და უნდა გადადგეს

რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს.

TI-ის აზრით, ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისათვის, რომ კახა ბექაური დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: "ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი".

"დოკუმენტების შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ ბექაურის მიერ წარდგენილი დიპლომი და გადამზადების კურსების სერტიფიკატი (რომლის ასლიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს, თუმცა თავის დროზე პარლამენტს ცნობა გაუგზავნა მისი არსებობის შესახებ) ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კახა ბექაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) 1986-1992 წლებში სწავლობდა. თსუ-ს მიერ გაცემული დიპლომის მიხედვით, მან დაამთავრა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, გამოყენებითი მათემატიკის, სპეც. ოპტიმიზაციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით და მიენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია. 

TI-ის განცხადებითვე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაგზავნილ ცნობაში წერია, რომ ბექაურმა 1994 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) მენეჯმენტის სპეციალობით, თუმცა როგორც ESM-ის სამართალმემკვიდრე "თავისუფალი უნივერსიტეტიდან" მიღებული ინფორმაციით დგინდება, ბექაურის მიერ დასრულებული სასწავლო პროგრამა არის სპეციალისტთა გადამზადების 9 თვიანი ფასიანი კურსი, რომელიც აკადემიურ ხარისხს არ უთანაბრდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" აცხადებენ, რომ კომისიის წევრების შერჩევისას ხელისუფლების ყველა შტოს თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა არც ერთმა მათგანმა არ გადაამოწმა რამდენად აკმაყოფილებდა კახა ბექაურის განათლების დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 

"კომისიის წევრად კახა ბექაური პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მონაწილეობით აირჩა. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გადაამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა კახა ბექაურის დიპლომი კანონის მოთხოვნებს, ხოლო შემდეგ მთავრობამ დამატებითი შესწავლის გარეშე დაუდასტურა კანონთან შეუსაბამო კანდიდატურა. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბიოგრაფიული ცნობა, მათ შორის იმის შესახებ, რომ კახა ბექაურს მენეჯმენტის განათლება აქვს მიღებული, ისე გაუგზავნა პარლამენტს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ფიზიკურად არ გააჩნდა. თავის მხრივ, კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა, როგორც ჩანს, არც პარლამენტის შესაბამის კომიტეტს შეუსწავლია, რასაც მას კანონი ავალდებულებდა. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები კომიტეტზე განიხილეს და როგორც სხდომის ოქმიდან ჩანს, მათი ბიოგრაფიებიც მოისმინეს, თუმცა ამის მიუხედავად, მხარი მაინც დაუჭირეს კახა ბექაურის კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე გატანას. ამდენად, კანონის მოთხოვნებთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის სათანადო შესწავლის გარეშე, კახა ბექაური 83 ხმით კომისიის წევრად აირჩიეს", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ კახა ბექაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა და შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2014 წლიდან დღემდე, მას, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, შრომის ანაზღაურების სახით 700 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული. 

"მარეგულირებელ კომისიის წევრად მუშაობის პერიოდში კახა ბექაურის სახელთან არის დაკავშირებული მაუწყებლობის შესახებ კანონში "რეკლამის" რეგულაციასთან დაკავშირებით ინიცირებული სადავო ცვლილებების აქტიური ლობირება. აღნიშნული საკანომდებლო წინადადება, მართალია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გასატარებელ საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ თავად დრო და ფორმა, ექსპერტების შეფასებით, ნაჩქარევი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური ტელევიზიის "რუსთავი 2"-სთვის ფინანსური პრობლემების შექმნას და არა კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. კახა ბექაური ასევე აქტიურად ლობირებდა და დღეს უკვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის რანგშიც მხარს უჭერს კომისიის მიერ დანერგილ სადავო პრაქტიკას, რომელიც მაუწყებელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის მოთხოვნებს უყენებს", - აცხადებენ TI-ში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კახა ბექაური თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

"ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის პირები მუშაობდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის და ტელეკომუნიკაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას, ზედამხედველობასა და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების დაკისრებას. ამ უფლებამოსილებებს 6 წლის ვადით არჩეული ბექაური სათანადო დიპლომის გარეშე უკვე თითქმის 4 წელია ასრულებს. 

საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში კომისიის წევრის იმპიჩმენტის შესაძლებლობას არ იცნობს და არც სასამართლო წესით შემოწმების შესაძლებლობა არსებობს ამ ეტაპზე. შესაბამისად მსგავსი კაზუსების სამომავლოდ თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოცემული საკითხი გათვალისწინებული იქნას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძვლად. 

პარალელურად შესწავლილი უნდა იყოს თუ რატომ არ მოხდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად შემოწმება თუ რამდენად ფლობდა კახა ბექაური კანონმდებლობით დადგენილ განათლების ხარიხს", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

კომენტარები