მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ლუცენკო: თქვენი კუმირი სააკაშვილისგან განსხვავებით, ქვეყნიდან არ გავქცეულვარ

unian.net

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ამბობს, რომ იმ მომენტში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მისი სახლის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობდნენ, ის სამსახურში იყო და სამხედრო ტყვეების დახსნას ცდილობდა. ამის შესახებ ლუცენკომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

"შაბათი ჩემთვის ყოველთვის სამუშაო დღეა. ეგზალტირებული ბრბოს აქციის დროს მე ძალიან რთულ სამუშაოს ვეწეოდი ჩვენი სამხედრო ტყვეების გამოხსნასთან დაკავშირებით. კუბოკრული პლედი არ მჭირდება. პირველ რიგში, მე ალალად ვმუშაობ. მეორეც, არასდროს (მათი კუმირი სააკაშვილისგან განსხვავებით) საკუთარი ქვეყნიდან არ გავქცეულვარ,"- წერს ლუცენკო. 

უკრაინის გენპროკურორის თქმით, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კანონის ფარგლებში უნდა მუშაობდეს. 

"როგორც აღნიშნული კანონის ავტორმა, მე ზუსტად ვიცი: ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო აუცილებელია ქვეყანაში, თუმცა ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, მათ შორის ეს ბიუროც, კანონის ფარგლებში უნდა მუშაობდნენ,"- ამბობს ლუცენკო. 

დღეს გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს სახლთან მომიტინგეები შეიკრიბნენ. ისინი სკანდირებდნენ "პლედი გენპროკურორისთვის". აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ლუცენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს აგენტები გასცა და ამ გზით გადაარჩინა "ტოპ-კორუმპირებული" ადამიანები, რომლებზეც აღნიშნული ბიურო გამოძიებას აწარმოებდა. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი. ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მან შიმშილობა დაიწყო.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა გააკეთა.

სააკაშვილს ბრალი ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში.

კომენტარები