ლგბტ უფლებები

სასამართლო: ლგბტ პირის სამსახურიდან გაშვება უკანონოა, მაგრამ არა დისკრიმინაციული

kyivpost.com

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ლგბტ პირის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ სცნო, თუმცა დისკრიმინაცია ვერ დაინახა. მოსამართლემ ყოფილ დამსაქმებელს ორი თვის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

მომჩივანს ვინაობის საჯაროდ დასახელება არ სურს, თუმცა ტაბულას უყვება, რომ დამსაქმებელს შენიშვნები მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით ჰქონდა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"გასულ წელს ქუთაისში ვმუშაობდი ბარ-რესტორანში. დამსაქმებელმა რამდენიმე შენიშვნა მომცა ჩაცმულობასთან დაკავშირებით. არაფერი განსაკუთრებული არ მეცვა, უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებულად მეცვა და მცირე მაკიაჟიც მქონდა. გადაწყვიტა რომ ეს არ იყო ნორმატიული და გამომიშვა სამსახურიდან. ჯერ გამაფრთხილა, რომ თუ აქ იმუშავებ, უნდა გეცვას ისე, როგორც გვინდა. მეორე დღეს კი დამიბარა, თითქოს რაღაც ქვითრები დაიკარგა. მერე აღიარა, რომ ქვითრები თავის ადგილას იყო, მაგრამ ასეთი არეულობა არ უნდა იყოსო და მომიწყო სკანდალი მომხმარებლების თანდასწრებით. მითხრა, რომ ვერ გავაგრძელებ იქ მუშაობას. სასამართლოში ჩვენ ვითხოვდით დღემდე რაც იყო განაცდური იმის ანაზღაურებას, მაგრამ მოსამართლემ მხოლოდ ორი თვის ანაზღაურება დააკისრა. მთავარია, მოსამართლე მიხვდა, რომ დაუმსახურებლად და არაფრის გამო წამოვედი იქედან, სამუშაო გამოცდილებაც მქონდა და მხოლოდ ორიენტაციის გამო გამათავისუფლეს", - ამბობს ის.

სასამართლოში მის ინტერესებს ადვოკატი ნინო ბოლქვაძე იცავდა, რომელიც აცხადებს, რომ მოსამართლემ მხოლოდ სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება დაადგინა, დისკრიმინაცია და მორალური ზიანი კი არა. გარდა ამისა, მომჩივანი 8 თვის განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა, სასამართლომ კი ყოფილ დამსაქმებელს მხოლოდ ორი დააკისრა.

"სტანდარტი მტკიცებისას არის ასეთი - ჩვენ უნდა შეგვექმნა სასამართლოსთვის ვარაუდი, რომ დისკრიმინაცია განხორციელდა და შემდეგ მოპასუხეზე გადადიოდა მტკიცების ტვირთი. უნდა ემტკიცებინა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა. საქმეში იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ადამიანს შექმნოდა შესაძლო დისკრიმინაციის ვარაუდი. მაგალითად, მხარე იყენებდა ფრაზებს, რომლის მიხედვით "მისი საქციელი არ შეეფერება მამაკაცის საქციელს", ასევე, მეუბნებოდა, რომ თუ რეპუტაციას ვუფრთხილდები, ეს ადამიანი არ უნდა დავიცვა, რადგან მე არ ვიცი როგორია. სამწუხაროა, რომ მოსამართლემ ვერ დაადგინა დისკრიმინაცია. თუ სასამრთლო კანონმდებლოს მიერ დადგენილ სტანდარტს არ მიჰყვება, ჩვენ ვერასოდეს დავაგენთ დისკრიმინაციას და დაზარალებულის უფლება იქნება დარღვეული. ისედაც ძალიან სუსტი კანონმდებლობა გვაქვს ამ კუთხით და ამ ინსტრუმენტსაც გვართმევენ", - ამბობს ბოლქვაძე.

მისივე ინფორმაციით, ყოფილი დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ დასაქმებული გამოსაცდელ ვადაში იყო და ნებისმიერ დროს შეეძლო გათავისუფლება, თუმცა მსგავსი ხელშეკრულება ვერ წარმოადგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებით, ლგბტ პირი, რომელიც აცხადებს, რომ ორიენტაციის გამო გაათავისუფლეს, ყოფილი დამსაქმებლისგან ორი თვის ხელფასის განაცდურის სახით 300 ლარს მიიღებს.

კომენტარები