მიხეილ სააკაშვილი

პოროშენკო: იმან, რაც გუშინ მოხდა, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო

Reuters

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმით, რაც უკრაინაში ხდება.

"მეგონა, რომ რთული იყო ჩემი გაკვირვება, მაგრამ იმან, რაც გუშინ მოხდა, მთელი ქვეყანა გააოცა და შოკში ჩააგდო." - აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის პატივს სცემს მოქალაქეების თავისუფალ ნებას, გამოთქვან პროტესტი.

"პრეზიდენტი და ხელისუფლება პატივს ვცემთ უკრაინელი მოქალაქეების მიერ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის უფლებას, აქციის ორგანიზატორებისგან განსხვავებით, რომელთაც სისხლი სწყურიათ და სამართალდამცველების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ." - განაცხადა პოროშენკომ.

სააკაშვილს გენერალურ პროკურატურაში ადგილობრივი დროით 6 დეკემბერს 09:00-ზე ელოდებოდნენ, თუმცა სააკაშვილი არ გამოცხადდა. გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ 24 საათის გასვლის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცველი ორგანოები ყველაფერს იზამენ სააკაშვილის დასაკავებლად.

სააკაშვილზე ძებნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე რადას შენობასთან იმყოფება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერს, კიევში, საკუთარ საცხოვრებელი სახლის სახურავზე დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები