სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციის საქმეზე, დღეს პარლამენტის ნდობის ჯგუფი ვახტანგ გომელაურს მოუსმენს

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე პარლამენტის ნდობის ჯგუფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენს. შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.

ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მიწვეულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". დაკავებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული - საედი დუდაევია. ასევე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი, ISIS-ის მებრძოლი - ახმედ ჩატაევია.

ამ დრომდე უცნობია დანარჩენი ორი მოკლულის ვინაობა. კითხვები არსებობს იმაზეც, როგორ მოხვდა ე.წ დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში და რა მიზანი ჰქონდათ მის წევრებს - აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას და როგორ შემოიტანეს იარაღი ქვეყანაში. 

21-22 ნოემბერს, თბილისში სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსენეს. სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. 

კომენტარები