აივ/შიდსი

ჯანდაცვის სამინისტრო: 2017 წელს აივ/შიდსით ინფიცირების 577 ახალი შემთხვევა მოხდა

jandacva.ge

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, აივ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში აივ შიდსის 6711 შემთხვევაა რეგსტრირებული

ინფიცირებულთან 5013 კაცია, 1698 კი - ქალი. პაციენტთა უმეტესობის ასაკი 29-დან 39 წლამდე მერყეობს.

სამინისტროსვე ცნობით, 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არვ (ანტირეტროვირუსულ) მკურნალობას 4018 პაციენტი იტარებს, მათგან 48 – ბავშვია.

ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, აივის პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა და 2017 წლისათვის აივ/შიდსით ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 12000-ს აღწევს. ბოლო მონაცემებით შიდსი 3648 ადამიანს განუვითარდა, მათგან 1339 გარდაიცვალა.

აივ/შიდსის ახლად გამოვლენილ შემთხვევებში ინფექციის გადაცემის გზების განაწილების ყოველწლიური დინამიკა ასეთია - შემცირდა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ხვედრითი წილის, სქესობრივი გზით ინფიცირების რიცხვი კი გაიზარდა, განსაკუთრებით მსმ (მამაკაცის სექსი მამაკაცთან) ჯგუფში. 

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის შიდსზე ტესტირება, მკურნალობა და ძვირადღირებული ანტირეტროვირუსული მედიკამენტები უფასოა.

1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო კონფერენციის ჩატარებასაც გეგმავს. 

რა არის აივ/შიდსი
 

აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული. 

ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია. 

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს. 

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის"შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეოდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.  

აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან: 
 

  • მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
  • ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
  • სექს მუშაკები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. 

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:
 

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
  • შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
  • დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას  (რისკ-ჯგუფს  სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
  • ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
  • ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა: 
 

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტის ან აბაზანით სარგებლობისას

კომენტარები