გიორგი ფოფხაძე

ომბუდსმენობის კანდიდატი: ქვეყანაში ჯგუფების დისკრიმინაცია არ ხდება

პარლამენტი

პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს უსმენენ. მისი კანდიდატურა პატრიოტთა ალიანსმა დააყენა. 

ფოფხაძემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში არ არსებობენ დისკრიმინირებული ჯგუფები, მისივე თქმით, საქართველოს არ ჰყავს პოლიტპატიმრები. ფოფხაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ სახალხო დამცველი გახდება, წინა ხელისუფლების დროინდელ საქმეებს გამოიძიებს, მათ შორის ვაზაგაშვილის და ბუტა რობაქიძის საქმეებს. 

"ქვეყანაში არ არიან პოლიტპატიმრები [...]. მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება, ქვეყანაში შეწყდა მოსახლეობის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, მასიურად ადამიანის უფლებების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვერ მივიჩნევ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში უსაფრთხო სამართლებრივი ქვეყნის აშენება არ გვჭირდება და ადამიანის უფლებების დარღვევა არ ხდება.

არ ხდება დისკრიმინაცია ჯგუფების და არ ემუქრება სიცოცხლის მოსპობის საფრთხე რომელიმე მოქალაქეს, რადგან 2012 წლიდან დღემდე ადგილი არ ქონია მძიმე დანაშაულის ფაქტს, რომელიც პოლიტიკური მოტივით იყო გამოწვეული. თუმცა, ძველი საქმეები ჯერ კიდევ გამოუძიებელია და ამის გამო მოსახლეობას აქვს უსამართლობის და დაუცველობის განცდა. როდესაც ჩემი კონკურენტი ამბობს, რომ გამოიძიებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეს, რა დააშავა ვაზაგაშვილის საქმემ, ბუტა რობაქიძის საქმემ, გურამ შარაძის საქმემ ან სხვა გახმაურებულმა საქმეებმა რა დააშავა.არადა თქვენ, ბატონებო და ქალბატონებო, ზუსტად ამ დაპირებებით მოხვედით. მე გპირდებით, ჩემო თანამემამულეებო, ყველა ეს საქმე გამოძიებული იქნება ალტერნატიული მოკვლევის წესით სახალხო დამცველის ოფისის მიერ და მიეცემა მსვლელობა", - თქვა გიორგი ფოფხაძემ. 

გიორგი ფოფხაძე წლების განმავლობაში მედიაში მუშაობს. იყო მეცხრე არხის და საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე ერთ-ერთი ფრანგული რადიოს ბრიუსელის კორესპონდენტი. 

მან 2012 წლის სექტემბერში ე.წ ციხის კადრების გავრცელებაში მონაწილეობა მიიღო. როგორც თავად ამბობდა, კადრები მას ირმა ინაშვილმა გადასცა.

ფოფხაძე დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამოირჩევა. მაგალითად, მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, ფოფხაძე 2014 წლის მაისში ამბობდა: 

"ევროპის კარი ტრაკით არა მხოლოდ შევაღეთ, ისე წინ წავედით, რომ უკვე იქა ვართ!.. თან უკუსვლით მივდივართ და თან, საჯდომით. სოსო ჯაჭვლიანმა არ შემოიტანა ტერმინი „მესაჯდომეები“ და ხმალამოღებული არ იბრძოდა პედერასტების წინააღმდეგ?! არადისკრიმინირებულო საქართველო, უკანალით შევდივართ ევროპაში?.. უმრავლესობა, როგორ იყო წელიწად-ნახევრის წინ ლექციებს რომ გვიკითხავდით, მიშა სააკაშვილმა მესაჯდომეებით გაავსო ქვეყანა და მამათმავლები თავზე დაგვასვაო!". 

იმავე წლის ნოემბერში კი ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში თქვა: "40 ათასი პასპორტია თურქზე გაცემული. აი, ისინი რომ ჩამოიყვანოს?!... რა, არ არიან საქართველოს მოქალაქეები?“

სახალხო დამცველობის კანდიდატს პარლამენტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს. დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს ნინო ლომჯარიას, რომელიც მმართველ გუნდს კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს.

კომენტარები