სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

გიგა ბოკერია: ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლა არის ხელისუფლების ჩავარდნა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციას ძალიან ბევრი და სერიოზული კითხვა აქვს. 

"არანაირ პოლიტიკურ სპეკულაციებს ჩვენ არ ვაპირებთ და არც ჩაგვიდენია აქამდე, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან თავის დროზე ანუ დღევანდელი ხელისუფლებისგან. გახსოვთ, ალბათ, ლაფანყურის სპეცოპერაციისას და მერე რა ტიპის შეთქმულებები და აბსოლუტურად უსაფუძვლო, ბინძური ბრალდებები ისმოდა, რომელიც ქვეყანას აზიანებდა. 

აქ არ გვაქვს ჩვენ არანაირი ასეთი შეთქმულება. ხელისუფლებას უნდა ემოქმედა, სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინა, ეს ხალხი უნდა დაეკავებინა ან გაენეიტრალებინა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია, მაგრამ ამის შემდეგ იწყება ჩვენი ძალიან ცალსახა კითხვები, რომელიც არის ნორმალური ყველა ქვეყანაში,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

მისი თქმით, თუკი სამართალდამცავები სპეცოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ადევნებდნენ თვალს ტერორისტებს, რატომ გაიწელა ოპერაცია 24 საათზე დიდხანს და რატომ შეეწირა მას სპეცრაზმელის სიცოცხლე.

"ჩავარდნა იყო უსაფრთხოების? არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია, რამხელა საფრთხეს წარმოადგენდნენ ეს ადამიანები და რამხელა ოდენობის და რა შესყიდვების იარაღი ჰქონდათ მათ? არ იქნა გამოყენებული ყველა ის სპეც-საშუალება, რომ განეიტრალებულიყვნენ ისინი თავიდან უბრალოდ დაკავების ოპერაციის ნაცვლად? თუ არსებობს რამე ინფორმაცია, რომელიც ამ კითხვებს ანეიტრალებს, ეს უნდა მოვისმინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩავარდნა,"- ამბობს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, უცნაურია, რატომ არ გამოიყენეს შენობაში მყოფი ტერორისტების გასანეიტრალებლად სპეცსაშუალებები. ამასთან, მისი თქმით, მეორე მთავარი კითხვაა, თუ როგორ შემოვიდა ახმედ ჩატაევი საქართველოში.

"პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ერთერთი არის ახმედ ჩატაევი და, რა თქმა უნდა, მე არანაირ შეთქმულების თეორიას არ გთავაზობთ, რომ თითქოს მათ იცოდნენ, რომ ჩატაევი შემოდიოდა ქვეყანაში. ეს თუ იცოდა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ სტამბულის ტერაქტში ბრალდებული და ISIS-სთან დაკავშირებული პირი საქართველოში შემოდიოდა და ეს დაუშვა, ეს ძალიან მძიმე პოლიტიკური განაჩენი იქნება, მაგრამ მე ეს ჯერ არ ვიცი. ვიცი, რომ ჩატაევი შემოვიდა ქვეყანაში - ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო ერთერთი ყველაზე მაღალი ფასის მქონე სამიზნე ყველა ანტიტერორისტული სამსახურისთვის, ესეც არის ჩავარდნა,"- ამბობს ბოკერია. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". აქამდე უცნობია მოკლულების ვინაობა. რაც შეეხება დაკავებულს, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული - საედი დუდაევია. 

უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის მებრძოლი, აშშ-ის მიერ ტერორისტთა საერთაშორისო სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი მოკლეს, რასაც საგამოძიებო უწყებები არც უარყოფენ, არც ადასტურებენ. გუშინ კი, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ "არის ეჭვი, რომ დაღუპულებს შორის ახმედ ჩატაევიცაა".

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

კომენტარები