ნინო ლომჯარია

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ომბუდსმენად ლომჯარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა კომიტეტის 8 წევრმა მიიღო, მათგან 7-მა ხმა ლომჯარიას სასარგებლოდ მისცა, ერთმა კი თავი შეიკავა. 

სახალხო დამცველობის კანდიდატს კომიტეტზე კენჭი მას შემდეგ უყარეს, რაც ნინო ლომჯარიამ თავისი ხედვები წარადგინა. მოსმენას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დასწრებიან. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებისთვის მიუღებელია, რომ მმართველმა გუნდმა ომბუდსმენის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე მიიღო. 

საპარლამენტო უმრავლესობამ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის კანდიდატად ოფიციალურად გუშინ, 27 ნოემბერს წარადგინა. 

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 2017 წლის 1 დეკემბერს ეწურება. ლომჯარიას კანდიდატურა თავდაპირველად ბიუროზე განიხილება, მოგვიანებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. საბოლოოდ, ლომჯარიას კანდიდატურას კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი 7 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ნინო ლომჯარია პროფესიით იურისტია. ის ჯერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, შემდეგ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო, ბოლოს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

კომენტარები