ნინო ლომჯარია

დეგნანი ლომჯარიაზე: მხარდაჭერას, ქება-დიდებას იმსახურებს და არა კრიტიკას

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამერიკის ელჩის თქმით, ნინო ლომჯარია და მისი ჯგუფი ქართველ ხალხს სანდო ინფორმაციას აწვდის და ის არა კრიტიკას, არამედ ქება-დიდებას იმსახურებს.

დეგნანის თქმით სახალხო დამცველის სამსახურისთვის ძირის გამოთხრა უბრალოდ მიუღებელია.

"სახალხო დამცველის სამსახურისთვის ძირის გამოთხრის ან საფრთხის შექმნის მცდელობები უბრალოდ მიუღებელია. სახალხო დამცველი და მისი ჯგუფი სწორედ იმას აკეთებენ, რის უფლებასაც მათ საქართველოს კონსტიტუცია აძლევს. ისინი საქართველოს ყველა მოქალაქის უფლების დამცველები არიან და ისინი, ძლიერი ზეწოლის ქვეშ, საქმეს მშვენივრად აკეთებენ, რომ მოგვაწოდონ სწორი, დამოუკიდებელი, ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ. ამისი სერიოზული ნაკლებობაა და სახალხო დამცველის სამსახური დგავს ნაბიჯს, რათა საკუთარი როლი პროფესიონალურად და დამოუკიდებლად შეასრულოს. ჩემი აზრით, ამას შთამბეჭდავად აკეთებენ, ამიტომაც ვენდობით მისი ჯგუფის ინფორმაცია. შეფასება, რომელსაც ისინი აკეთებენ, არის ის, რასაც ქართველ ხალხს შეუძლია ენდოს, როგორც ობიექტურ და სწორ ინფორმაციას", – ამბობს კელი დეგნანი.

დიპლომატის თქმით, ლომჯარია მხარდაჭერას იმსახურებს.

"ის [ნინო ლომჯარია] იმსახურებს დიდ მხარდაჭერას, ის იმსახურებს ქება-დიდებას და არა კრიტიკას", – დაამატა კელი დეგნანმა.

"ის რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, ფეიკია"- ასე გამოეხმაურა ქართულო ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნას, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.  

"თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ლომჯარიას მიმართ და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უდიდესი უმრავლესობა არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რასაც ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ. მათ შორის საჯარო განცხადებებით, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. 

ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით – ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის. ანუ, იმთავითვე ფეიკია ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსიულიმმა. როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, ეს ამ ეტაპზე არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამ ფეიკდასკვნას გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რისიც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების", – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის სიტყვებს გასულ დღეს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაც Amnesty International-ი. 

"თავდასხმა ომბუდსმენზე, რომელიც საკუთარ საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მიუღებელია. მთავრობამ ადამიანის უფლებათა ინსტიტუციებს პატივი უნდა სცეს და არა ძირი გამოუთხაროს მათ. უნდა გაატაროს მათი რეკომენდაციები, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრიორიტეტულობისთვის", – წერდა ორგანიზაცია. 

კომენტარები