ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

პატარაძე ლეოგრანდზე: სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სასტუმრო ლეოგრანდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მიერ შემოწმებული და დაჯარიმებული იყო.

"მეც მაქვს ინფორმაცია, რომ სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მხრიდან მოხდა შემოწმება", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

ჟურნალისტების კითხვას, ჯარიმის გარდა, მოჰყვა თუ არა რამე ტიპის რეაგირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევებს, პატარაძე პასუხობს, რომ მედიამ ამისთვის შესაბამის უწყებებს უნდა მიმართოს.

"რა იყო შემდგომი რეაგირება, მიმართეთ შესაბამის უწყებებს, ყველა ის უწყება პასუხისმგებელია, ვინც მუშაობს ამ მიმართულებით", - თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც და დაინტერესდა, იყო თუ არა სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარუსაფრთხოების ნორმები დარღვეული და ასეთის შემთხვევაში, რა ზომებს მიმართა უწყებამ. პრესსამსახური საკითხის გარკვევას დაგვპირდა და ინფორმაციას, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, ბათუმში, შემთხვევის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ შენობას სახანძრო კიბე არ გააჩნია და ამიტომ მოხდა მაშველების სახანძრო კიბის საშუალებით იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებული იყვნენ მეშვიდე სართულზე.

"აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,"- თქვა გახარიამ.

დღეს კი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ სასტუმროში საევაკუაციო კიბე არის. ჟურნალისტის კითხავს - რატომ არ მოხდა ამ კიბის გამოყენება, ნიკოლოზ სირაძე პასუხობს:

"ძლიერი დაკვამლიანების გამო შეფერხდა, როგორ არ მოხდა".

სასტუმრო ლეოგრანდის ადმინისტრაციას მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

კომენტარები