ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

პატრიარქმა ლეოგრანდთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

აჭარის მთავრობა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სასულიერო პირებთან ერთად ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია. საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - განაცხადა ილია მეორემ.

სასტუმრო ლეოგრანდთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრიც იმყოფებოდა.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

კომენტარები