ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

ტურიზმის სააგენტო: ლეოგრანდი წელს ხანძარუსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა

აჭარის ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სასტუმრო ლეოგრანდს სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია, რადგან ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა.

როგორც უწყების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, კონკრეტული პროექტის ფარგლებში ობიექტებს საგანგებო სიტუაციების მართვის და სურსათის უვნებლობის სააგენტოები ამოწმებენ და გასცემენ დადებით ან უარყოფით დასკვნას. დადებითი დასკვნის შემთხვევაში ტურიზმის სააგენტო გასცემს რეკომენდაციას კონკრეტულ ობიექტზე.

"გვაქვს პროექტი "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ", რომლითაც მოწმდება კონკრეტულ ობიექტებში სურსათის უვნებლობის, ხანძარუსაფრთხოების და სხვა ტექნიკური საკითხები.  ამას ამოწმებენ შესაბამისი ორგანოები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სურსათის უვნებლობის სააგენტო. თუ შესწავლის შემდეგ დოკუმენტები არის დადებით, ჩვენ გავცემთ ხარისხის ნიშანს. ლეოგრანდის შემთხვევაში, შესაბამისმა ორგანომ არ გასცა საბუთი ხანძარუსაფრთხოების კუთხით, შესაბამისად, არც ჩვენ გავეცით ხარისხის ნიშანი", - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

ტაბულას კითხვას, რატომ ჰქონდა სასტუმროს რეკომენდაცია 2016 წელს, უწყებაში პასუხობენ, რომ თავდაპირველად იყო პროექტის საპილოტე ვარიანტი და საჭირო იყო ხარისხის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება, რომლებსაც ლეოგრანდი აკმაყოფილებდა.

2016 წელს ჰქონდათ რეკომენდაცია, რადგან ჩვენ გვქონდა ხარისხის მინიმალური სტანდარტები ხარძარუსაფრთხოების კუთხით, როდესაც პროექტის საპილოტე ვარიანტი იყო და მინიმალური კრიტერიუმები იყო და პირველად ჩაეშვა. რამდენიმე კრიტერიუმი იყო, რაც უნდა დაეკმაყოფილებინა ობიექტს და ლეოგრანდი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

"2017 წლის 1 იანვრიდან ახალი დადგენილება შევიდა ძალაში, რომლითაც აუცილებელი გახდა ამ მინიმალურ სტანდარტებს დამატებულიყო შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც პასუხისმგებელი ორგანო გასცემდა. სურსათის უვნებლობის კუთხით მათ მიიღეს დადებითი დოკუმენტი, ხანძარუსაფრთხოების კუთხით ვერა" - ამბობენ ტურიზმის დეპარტამენტში.

ტაბულას კითხვას, შეეძლო თუ არა დაინტერესებულ ადამიანს მიეღო ინფორმაცია რამდენად აკმაყოფილებდა კონკრეტული სასტუმრო სტანდარტებს, უწყებაში უარყოფითად პასუხობენ.

"ვისზეც რეკომენდაციას გავცემთ, ეს ინფორმაცია არის საჯარო და ვრცელდება. იმ ობიექტების შემთხვევაში, ვინც მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მას არ ვაქვეყნებთ, რადგან სარეკომენდაციო ხასიათის შენიშვნები გვაქვს კონკრეტულ ობიექტთან. ლეოგრანდის შემთხვევაში მთავარი, ვინც უნდა იცოდეს არის თუ არა ნორმები დაკმაყოფილებული, ეს არის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელიც კომპეტენტურია  დააჯარიმოს, გაავრცელოს ამის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. ამას ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებს", - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

მათ არ აქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რა კუთხით ვერ აკმაყოფილებდა სასტუმრო ლეოგრანდი ხანძარუსაფრთხოების სტანდარტებს.

გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დეპარტამენტმა ლეოგრანდი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დააჯარიმა, არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ამის კომპეტენცია.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც და დაინტერესდა, იყო თუ არა სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარუსაფრთხოების ნორმები დარღვეული და ასეთის შემთხვევაში, რა ზომებს მიმართა უწყებამ. პრესსამსახური საკითხის გარკვევას დაგვპირდა და ინფორმაციას, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, ბათუმში, შემთხვევის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ შენობას სახანძრო კიბე არ გააჩნია და ამიტომ მოხდა მაშველების სახანძრო კიბის საშუალებით იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებული იყვნენ მეშვიდე სართულზე.

"აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,"- თქვა გახარიამ.

დღეს კი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ სასტუმროში საევაკუაციო კიბე არის. ჟურნალისტის კითხავს - რატომ არ მოხდა ამ კიბის გამოყენება, ნიკოლოზ სირაძე პასუხობს:

"ძლიერი დაკვამლიანების გამო შეფერხდა, როგორ არ მოხდა".

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ლეოგრანდი ზღვისპირას, ქალაქის შესასვლელთანაა განთავსებული და 180 სასტუმრო ოთახს მოიცავს. 

ლეოგრანდში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა, განთავსებულია სპა სალონი, საუნა, აუზი, რესტორანი და ბარი. სასტუმრო მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, სასტუმრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მიერაა რეკომენდირებული.

კომენტარები