ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

შსს: ლეოგრანდის ხანძრის დროს დაღუპულებს შორის 10 საქართველოს მოქალაქეა, 1 ირანის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან, მყისიერად ჩაერთნენ.

შსს-ში ამბობენ, რომ ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

უწყების ინფორმაციითვე, შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს.

"პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. ყველა დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", - აცხადებენ უწყებაში.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

კომენტარები