ხანძარი

სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე შსს-მ გამოძიების მუხლი შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი. უწყების ცნობით, გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. სასტუმროში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

ხანძრის გამო, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელიდან, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ესწრებოდა, თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაფრინდა. მან ნახევარი საათის შემდეგ სასტუმრო კომენტარის გარეშე დატოვა. ბათუმში, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფება.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ლეოგრანდი 2015 წელს გაიხსნა. გახსნას მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მიერაა რეკომენდირებული. 

კომენტარები