ტოლერანტობის ქომაგი

ომბუდსმენმა ბოკერიასთვის უმცირესობების მინიჭებულ ჯილდოზე კვლავ თავი იმართლა

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს "ტოლერანტობის ქომაგის" ჯილდოს გადაცემის საკითხზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ "ტოლერანტობის ქომაგს" რელიგიათა საბჭო ომბუდსმენის ყოველგვარი ჩარევის გარეშე გამოავლენს, ხმის უფლება კი მხოლოდ საბჭოში გაწევრიანებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც პრიზის გამარჯვებულები უნდა შეირჩნენ, ასევე მიუთითებს, რომ შერჩევის წესები, მათგან გადახვევის შემთხვევაშიც კი, არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების ცვლილების შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი აქვე ხაზს უსვამს კონკურსის კრიტერიუმების დახვეწის, შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის, მხოლოდ შეხვედრის და ღია მსჯელობის ფორმატში კანდიდატებზე შეჯერების აუცილებლობას, რათა მომავალში მსგავსი დისკუსიები გამოირიცხოს. 

ნანუაშვილის ეს განცხადება, "ტოლერანტობის ქომაგის" პრიზის გიგა ბოკერიასთვის გადაცემას მოჰყვა. ომბუდსმენმა ჯილდოს გადაცემის კრიტერიუმების შესახებ ამავე შინაარსის განმარტება დაჯილდოების დღესაც გააკეთა და მედიასთანაც ისაუბრა. ბოკერიასთვის ამ ჯილდოს გადაცემა მისთვის, ისევე პოლიტიკოსის როგორც კრიტიკოსებისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა. 

უჩა ნანუაშვილმა დღეს ლიბერალთან საუბრისას ასევე თქვა, რომ რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს. მისი თქმით, "გიგა ბოკერიას, მიმდინარე წელს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში რომ რაიმე განსაკუთრებული შეეტანოს, მე პირადად, ვერ დავინახე".სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება 16 ნოემბერს მიანიჭა. მათთან ერთად, სიგელი მწერლებმა გურამ ოდიშარიამ და ლაშა ბუღაძემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, გაზეთმა "გურჯისტანმა" და მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მიიღეს.

კომენტარები