კულტურული მემკვიდრეობა

კომპანიის წარმომადგენელი: მუშებს ეგონათ, ქვევრში განძი იქნებოდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ე.წ ბენზეში მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების გაყვანის დროს მშენებლებმა ქვევრი იპოვეს და ის ჯერ ხელით, შემდეგ კი მძიმე სამშენებლო ტექნიკით დააზიანეს. 

იმ კომპანიის წარმომადგენლის, ალექსანდრე ბაღათურიას თქმით, მუშებს ეგონათ, განძს მიაგნეს, ამიტომ კომპანიას არ მიმართეს და ქვევრი გატეხეს. 

"კი გვყავს გაფრთხილებული, რამე არქეოლოგიურს თუ წააწყდებიან, გვაცნობონ, მაგრამ უცოდინრობამ და პირველ რიგში იმან, რომ ეგონათ, ბავშვური ზღაპრებიდან გამოყოლილი, ქვევრში განძი იქნება ან რამეო, ამიტომ არავის შეატყობინა და გატეხეს ქვევრი. საქმის მწარმოებელი იმყოფებოდა გადაღმა მხარეს. რამდენიმე წუთში მოხდა ეს შემთხვევა, თანაც 600 მუშას ზედამხედველს თავზე ვერ დავუყენებთ​. გავატარებთ ზომებს, რომ მსგავსი რამე არ განმეორდეს. ახლა ჩანს, რომ ამ ქვევრს არანაირი ღირებულება არ აქვს, მაგრამ ჩვენ გავაფრთხილებთ მუშებს, რომ მეორედ მსგავს რამეს თუ წააწყდებიან, მსგავსი შემთხვევა არ გამეორდეს. კომპანიის პასუხისმგებლობა რა უნდა იყოს, რა ღონისძიება მოვიმოქმედოთ, მაგას გადავწყვეტთ. კომპანია გონიოშიც აწარმოებდა სამუშაოებს და ღმერთს მადლობა, იქ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, აქაც დარწმუნებული ვიყავით, რომ მსგავსი პრობლემა არ შეგვექმნებოდა. განათლების ნაკლებობაა. განათლება რომ ჰქონოდა, მუშა არ იქნებოდა".  

არქეოლოგების თქმით კი, ქვევრი, რომელიც ბათუმში, თამარის დასახლებაში აღმოაჩინეს და დააზიანეს, სავარაუდოდ, XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, შესაძლოა რამდენიმე ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. 

"ვინც აფიქსირებს ამ პროცესს და რეაგირება არ ჰყვება, გარკვეულწილად წახალისებაა და დანაშაულში ხელის შეწყობაა. აქ პირების პასუხისმგებლობაა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაშიც და სისხლის სამართალშიც პირზე არის საუბარი", - ამბობს ანთიძე. 

კომენტარები