კაკაურიძე სტრუქტურულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად დიდი თანხები ვერ დაიზოგება

ტაბულა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად, "მნიშვნელოვნად დიდი თანხები" ვერ დაიზოგება. ქართული ოცნების დახურული შეხვედრის შემდეგ, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ არც ერთი სამინისტროს ფუნქცია არ უქმდება.

"რა თანხა დაიზოგება, ეს იქნება ცნობილი მას შემდეგ, რაც კონკრეტული მინისტრები მივლენ და დაიწყებენ ახალ სტრუქტურაზე მუშაობას, ჩამოაყალიბებენ ახალ სტრუქტურას, მათ შორის აპარატებში, მაგრამ ეს ვერ იქნება მნიშვნელოვნად დიდი თანხები, რადგან არცერთი სამინისტროს ფუნქცია არ უქმდება, ეს ფუნქციები რჩება, ისევე როგორც, დაცული ტერიტორიების სააგენტო ისევ იარსებებს, სატყეო სააგენტო ისევ იარსებებს და ა.შ. რომელი ფუნქციებიც ჰქონდა ამა თუ იმ სამინისტროს ენერგეტიკის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით და ა.შ, რჩება" - განაცხადა კაკაურიძემ და აღნიშნა, რომ რესურსი ადმინისტრაციული კუთხით გამოთავისუფლდება.

"ძირითადად, ადმინისტრაციული დეპარტამენტი და მსგავსი ტიპის დეპარტამენტების ოპტიმიზაცია განხორციელდება. ეს რესურსები მოხმარდება პოლიტიკის წამყვან და პოლიტიკის განსახორციელებელ პროგრამებს" - თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს მთავრობაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, ოთხი უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, ესენია გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. 

კომენტარები