თბილისის მერია

კალაძე: თუ ჭონქაძეს არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის მქონე ადამიანები, მისი ნებაა

თბილისის მერის კახა კალაძისთვის გაუგებარია მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილი ნიკოლოზ ჭონქაძის მიმართ ოპოზიციის ბრალდებები.

"ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რაც მთავარია სუფთა წარსულით, არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არის პროფესიონალი. თუ ამ ადამიანს არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის მქონე ადამიანები, ეს მისი ნებაა და დღეს საქართველოში ყველას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი მოსაზრებები" - ამბობს კალაძე.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ნიკოლოზ ჭონქაძე წლების განმავლობაში, Facebook-ზე სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ პოსტებს წერდა. გარდა ამისა, მუდამ უცენზურო სიტყვებით იცავდა მმართველ გუნდს. თავად ჭონქაძის თქმით, FB გვერდი 2010 წელს, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე შეიქმნა, "საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ხისტი პოზიციის დაფიქსირება". 

თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს წარუდგენს. სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები