თბილისის მერია

კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჭონქაძე ღირსეულად გაართმევს თავს თანამდებობას

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილი ნიკოლოზ ჭონქაძე "ღირსეულად გაართმევს თავს" დაკისრებულ მოვალეობას.

"მინდა, წარმატებები ვუსურვო, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა, ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობა და დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს" - თქვა კალაძემ.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ნიკოლოზ ჭონქაძე წლების განმავლობაში, Facebook-ზე სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ პოსტებს წერდა. გარდა ამისა, მუდამ უცენზურო სიტყვებით იცავდა მმართველ გუნდს. თავად ჭონქაძის თქმით, FB გვერდი 2010 წელს, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე შეიქმნა, "საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ხისტი პოზიციის დაფიქსირება". 

თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს წარუდგენს. სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები