თბილისის მერია

გაბაშვილი: კალაძის მიერ წარმოდგენილ მთავრობის ახალ გუნდს უარყოფითად ვაფასებთ

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი საკრებულოში გოკა გაბაშვილი კალაძის მიერ თბილისის მერიაში წარდგენილ ახალ გუნდს უარყოფითად აფასებს. გაბაშვილის თქმით, არცერთ საკვანძო თანამდებობაზე მერიაში ადამიანები არ შეცვლილან და კალაძის და ნარმანიას გუნდი ერთი გუნდია. გაბაშვილის კალაძის მიერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლოს ჭონქაძის წარდგენის საკითხსაც გამოეხმაურა.

„ყველას გახსოვთ, საარჩევნო პერიოდის დროს, საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, როგორ ცდილობდა კახა კალაძე დავით ნარმანიასგან დისტანცირებას. წარმოდგენილი მთავრობა მეტყველებს საპირისპიროზე, იმაზე, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს არის ერთი გუნდი. ნარმანიას გუნდი და კალაძის გუნდი ერთი გუნდია. კერძოდ, ყველა საკვანძო საკითხებში, რაშიც ნარმანიას მერია იმსახურებდა კრიტიკას, საფინანსო-საბიუჯეტო, სოციალურ, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის საკითხებში, იგივე ადამიანები რჩებიან ქალაქის მთავრობაში, ვინც იყო ნარმანიასთან. ამას ემატება კალაძის ინიციატივით, აბსულუტურად შავბნელი, შავრაზმელი, ფაშისტური განწყობების წარმომადგენელი მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. საუბარი იმაზე, რომ კალაძე იქნება ყველა თბილისელის მერი, ტყუილი აღმოჩნდა.“ - ამბობს გაბაშვილი.

გაბაშვილის თქმითვე, ტყუილია, რომ კახა კალაძე არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან  სუს-ის წარმომადგენელი ნიკოლაიშვილი მასაც დაუტოვეს მოადგილედ.

„ის შემადგენლობა, რომელიცაა წარმოდგენილი, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ოთხი წლის განმავლობაში რა დროის კარგვა და საკუთარი ინტერესების სამსახურიც იყო ნარმანიას მხრიდან, ზუსტად ის, კიდევ უფრო უტიფარი და თავხედური ფორმით გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ კატეგორიულად უარყოფითად ვაფასებთ იმას, რაც წარმოადგინა კალაძემ საკრებულოში დასამტკიცებლად.“ - ამბობს გაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსობის კანდიდატი ნიკოლოზ ჭონქაძეა, რომელიც სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით FACEBOOK-ზე ჰომოფობიურ პოსტებს წერდა. ასევე, ამბობდა, რომ "უცხოელთა მასიური ჩამოსახლებები და დამკვიდრება" აღიზიანებს და ამაში "სერიოზულ საშიშროებას ხედავს".

კახა კალაძე ახალ გუნდს საკრებულოში დასამტკიცებლად ხვალ წარადგენს. სხდომა 17:00 საათზე არის ჩანიშნული. 

 

კომენტარები