თბილისის მერია

ჭონქაძე: ხალხს სჭირდებოდა ხისტი FB გვერდი, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებდა

თბილისის ახალი მერის კახა კალაძის მიერ, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ნიკოლოზ ჭონქაძე ადასტურებს, რომ Facebook-ზე სულიკო კედელაშვილის ანგარიში მას ეკუთვნოდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა. ჭონქაძის თქმით, სოციალურ ქსელში გვერდი 2010 წელს, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე შეიქმნა, "საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ხისტი პოზიციის დაფიქსირება". 

“ეს გვერდი შეიქმნა 2010 წელს, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს და რა სიტუაციაც სუფევდა, ის ძალადობა, რომელზეც ახლა ძალიან ბევრი საუბრობს, მაშინ ვერ საუბრობდა, იყო ასეთი შეზღუდვები და საზოგადოებას სჭირდებოდა რამე ისეთი ხისტი გვერდი, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებდა. ეს ყველაფერი, რასაც ახლა აჟიტირებს პრესა, აჟიტირებს პოლიტიკური პარტიები, იყენებენ თავისთვის, ეს არის სუყველაფერი ფარსი და ყველაფერი მოგონილია. ეს გვერდი შეიქმნა ამისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ასეთი ხისტი პოზიციის დაფიქსირება და ვერ აფიქსირებდა. მარტო მე კი არ ვაფიქსირებდი, იქ ძალიან ბევრი კომენტარებში აფიქსირებდა თავის აზრებს. თუ რომელიმემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, შეუძლია მიბრძანდეს სასამართლოში და სამართლებრივად გავარჩიოთ ეს საქმე.“ - ამბობს ნიკოლოზ ჭონქაძე.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ ჭონქაძე სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით ჰომოფობიურ პოსტებს წერდა. ასევე, ამბობდა, რომ "უცხოელთა მასიური ჩამოსახლებები და დამკვიდრება" აღიზიანებს და ამაში "სერიოზულ საშიშროებას ხედავს". 

"მე მართლა გულით მინდა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და რაღაც ჩარჩოებში მოექცეს" - წერდა ჭონქაძე. მისივე აზრით, ქართული მარში "ეროვნული და პატრიოტული იდეებით" მარგინალიზაციას უკეთებენ "ნაღდ პატრიოტულ სულისკვეთებას". მას ასევე უკვირს, რატომ დადგა გია კორკოტაშვილი "მარშელების" გვერდზე.

"ნუთუ ვერ ხედავს იმ ფარსს, რის წინაშეც დგას?”- წერდა ჭონქაძე კედელაშვილის ფსევდონიმით უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის თემაზე.

ამასთან, თბილისის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი მიიჩნევდა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებს "ისიც არ უნდათ, ქუჩაში გამვლელმა დედა შეაგინოს და პანჩური უთავაზოს".

გარდა ამისა, "სულიკო კედელაშვილი" კახა კალაძეს უცენზურო პოსტებით იცავდა და მის კრიტიკოსებს აგინებდა.

კომენტარები