მგელი მაყაშვილის ქუჩაზე

თბილისში ნაპოვნი ცხოველი მგელია თუ მგელ-ძაღლა, ლაბორატორიული კვლევით დადგინდება

screenshot from IPN

იმის დასადგენად, თბილისში, მაყაშვილზე ნაპოვნი ცხოველი მგელია თუ მგელ-ძაღლა, ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება და ამას რამდენიმე დღე დასჭირდება. კვლევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს ილიას უნივერსიტეტი დაეხმაურება.

"ამისა დადგენის ერთადერთი საშუალება არსებობს, ლაბორატორიული კვლევა, გენეტიკური ანალიზი, რომელიც უნდა ჩავატაროთ ილიას უნივერსიტეტის დახმარებით და არა მხოლოდ ჩვენ, ამიტომ ვთხოვთ ილიას უნივერსიტეტს, რომ დაგვეხმაროს გენეტიკური კლევის ჩატარებაში და აქედან გამომდინარე გეტყვით, ეს მგელია თუ მგელ-ძაღლა." - უთხრა ტაბულას ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური იმ ადამიანსაც გაესაუბრა, "რომელიც აცხადებს, რომ თავად არის ამ მგელ-ძაღლას პატრონი." სამსახურის განმარტებით, თუ დადგინდა, რომ ცხოველი ნამდვილად მგელ-ძაღლაა და მფლობელს ის კანონიერად ეკუთვნის, ზედამხედველობის სამსახური პასუხისმგებლობას მოიხსნის და ცხოველს პატრონს გადასცემს, მაგრამ თუ დადგინდა, რომ ცხოველი მგელია, მაშინ პატრონი კანონის მიხედვით დაჯარიმდება. 

"ცხოველთა სამყაროს კანონიც არის გარეულ ცხოველებზე, რომ არ მოხდეს მათი დატყვევება, უკანონოდ და მხოლოდ ამ კუთხით, გატარდება საჯარიმო სანქცია, დაჯარიმდება, მაგრამ თუ დადგინდება, რომ ეს არის მგელ-ძაღლა, შემოყვანილი და ჩიპიც გააჩნია და ეს ყველაფერი არის ის, რასაც აცხადებს მისი მფლობელი, რა თქმა უნდა, ზედამხედველობის მხრიდან, არანაირი რეაგირება არ გატარდება და ძალიან დიდი სიამოვნებით, ჩვენი მხრიდან, დასრულდება, საქმის წარმოება." - განუმარტა ტაბულას მაია ჩხობაძემ. 

მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობამ მგელი 14 ნოემბერს ღამით შეამჩნია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს აცნობა. სამსახურმა ცხოველის დაჭერა და იზოლირებულ ადგილზე გადაყვანა სპეციალური შპრიცსასროლი თოფის გამოყენების შემდეგ შეძლო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მგლის შესაბამის ბუნებრივ არეალში გაშვებას აპირებდა.

კომენტარები