თბილისის მერია

ქსენოფობიურ-ჰომოფობიური პოსტების ავტორი - მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა. კალაძემ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ჭონქაძე დაასახელა, რომელიც Facebook-ში სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით იყო დარეგისტრირებული. მას შემდეგ, რაც ჭონქაძეს ნავთობის და გაზის კორპორაციის PR-ის უფროსმა ნინო ჯღარკავამ და ქართული ოცნების მხარდამჭერებმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს, თბილისის საქალაქო სამსახურის ახალმა უფროსმა სულიკო კედელაშვილის სახელით რეგისტრირებული FB-ექაუნთი გააუქმა.

ნიკოლოზ ჭონქაძე, მარჯვნიდან ბოლო
ფოტო: თბილისის მერია

ტაბულა ეცადა უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსის ტელეფონის ნომრის მოძიებას და მასთან დაკავშირებას, თუმცა, მერიაში გვითხრეს, რომ სანამ საკრებულო მის კანდიდატურას ოფიციალურად არ დანიშნავს, ნომრის გაცემის უფლება არ აქვთ.

ნუგზარ ჭონქაძე სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით ჰომოფობიურ პოსტებს წერდა. ასევე, ამბობდა, რომ "უცხოელთა მასიური ჩამოსახლებები და დამკვიდრება" აღიზიანებს და ამაში "სერიოზულ საშიშროებას ხედავს".

"მე მართლა გულით მინდა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და რაღაც ჩარჩოებში მოექცეს" - წერდა ჭონქაძე. მისივე აზრით, ქართული მარში "ეროვნული და პატრიოტული იდეებით" მარგინალიზაციას უკეთებენ "ნაღდ პატრიოტულ სულისკვეთებას". მას ასევე უკვირს, რატომ დადგა გია კორკოტაშვილი "მარშელების" გვერდზე.

"ნუთუ ვერ ხედავს იმ ფარსს, რის წინაშეც დგას?”- წერდა ჭონქაძე კედელაშვილის ფსევდონიმით უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის თემაზე.

ამასთან, თბილისის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი მიიჩნევდა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებს "ისიც არ უნდათ, ქუჩაში გამვლელმა დედა შეაგინოს და პანჩური უთავაზოს".

გარდა ამისა, "სულიკო კედელაშვილი" კახა კალაძეს უცენზურო პოსტებით იცავდა და მის კრიტიკოსებს აგინებდა.

კომენტარები