საკრებულოს სხდომა

მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩოხაში გამოწყობილმა ფრიდონ ინჯიამ გახსნა

1-ლი არხი

დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს ​პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ გახსნა, რომელიც ჩოხაში იყო გამოწყობილი. 

„ვფიქრობდი, რა ჩამეცვა დღევანდელ სხდომაზე. ჩოხა ქართველი კაცისთვის სულ სხვა რამ არის“, - თქვა ინჯიამ. მისივე თქმით, ის გრძნობს იმ მაღალ პასუხისმგებლობას, რომელიც საკრებულოში არჩევით დაეკისრა. საკრებულოს უხუცესმა წევრმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ინჯიას შემდეგ დეპუტატებს მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა მიმართა და ახლად არჩეულ მერს და საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა. 

ამის შემდეგ თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველ სხდომაზე წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა. დეპუტატებმა ამ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საკრებულო დღესვე თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს დაამტკიცებს. ცნობილია, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ ქართული ოცნების წევრის, გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა განიხილება. 

კომენტარები