საკრებულოს სხდომა

ალიბეგაშვილი: სხდომაზე დავუშვებთ მხოლოდ საკრებულოს წევრებს და მედიას - არავის სხვას

თბილისის საკრებულო

"მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დავუშვათ მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია - არავინ სხვა" - ამის შესახებ განცხადებას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ავრცელებს. გიორგი ალიბეგაშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზად, პროვოკაციებისა და არეულობის თავიდან აცილებას ასახელებს.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ წესრიგი, უზრუნველვყოთ საკრებულოს გამართული მუშაობა, თბილისის და თბილისელების უფლებების რეალიზება და შესაბამისად, ვერავის მივცემთ უფლებას, შეაჩეროს პროცესები, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დავუშვათ მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია - არავინ სხვა, რათა ადგილი არ ქონდეს პროვოკაციებს და არეულობის მცდელობას. ჩვენ გვაქვს თბილისელების მიერ მონიჭებული მანდატი, ვიზრუნოთ ქალაქზე და არავის აქვს უფლება და ლეგიტიმაცია, საზოგადოების წინააღმდეგ წავიდეს. სწორედ საზოგადოების ინტერესების დაცვისა და საკრებულოს სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკაონ დესტრუქციული ქმედებებისგან, პატივი სცენ თბილისს და თბილისელებს და საკრებულოს ნაკისრი ვალდებულებების კონსტრუქციულ გარემოში შესრულების საშუალება მისცენ.“ - წერია ალიბეგაშვილის განცხადებაში.

ალიბეგაშვილის თქმით, გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას სხდომის ჩაშლისა და ობსტრუქციის მოწყობის მოტივით ითხოვენ. 

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ ერთადერთი მოტივით- ჩაშალონ თბილისის საკრებულოს სხდომა, მოაწყონ ობსტრუქცია და კანონისმიერი გადაწყვეტილებების მიღებას ხელი შეუშალონ. მათ ეს რამდენიმე დღის წინ საკუთარი ქმედებებითაც დაადასტურეს, როდესაც არასამართლებრივი და ძალისმიერი მეთოდებით საკრებულოს სხდომის ჩაშლა სცადეს, ამავდროულად, მერიის წინ დააზიანეს შშმ პირთათვის განკუთვნილი ინფრასრუქტურა,იძალადეს სამართალდამცავებზე. ისინი ამჯერადაც ღიად აანონსებენ საკუთარ მიზანს-ჩაშალონ საკრებულოს სხდომა.“  - ამბობს ალიბეგაშვილი.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტისთვის" უშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემას საკიტხი უნდა გადაწყვიტონ. 

დღეს 14:00 საათზე ნაციონალური მოძრაობა საკრებულოსთან აქციას მართავს. პარტია საკრებულოს მიერ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტისთვის" 1 ლარად გადაცემას შეეწინააღმდეგება. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს. 

სხდომაზე დასწრებას ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაც გეგმავს. 

თბილისის საკრებულო "ოლდ სითი დეველოპმენთისთვის" პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემას 29 სექტემბრის სხდომაზე გეგმავდა, თუმცა ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. თუმცა, 2 კვირის წინ თბილისის საკრებულომ მაინც შეძლო, მხარი დაეჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებისთვის, რაც ამ ტერიტორიის გასხვისებისთვის აუცილებელი პროცედურა იყო. 

კომენტარები