გოგა ონიანის საქმე

ენმ: მოვუწოდებთ დიპ. კორპუსს და NGO-ებს, ხმა აიმაღლონ ონიანის დევნის წინააღმდეგ

აიპრესი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ პოლიტსაბჭოს წევრ, ადვოკატ
გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი მართლმსაჯულების პრაქტიკის გაგრძელებაა. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. ენმ მოუწოდებს საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობოებს რომ "ხმა აიმაღლონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და
დისკრიმინაციის აღმაშფოთებელი ფაქტის წინააღმდეგ".

"გიორგი ონიანის დაპატიმრება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების მთავრობის
მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და ადვოკატების დევნა, სისტემურ
ხასიათს ატარებს და სამართლებრივი ბერკეტები კვლავაც აქტიურად გამოიყენება
პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. გიორგი ონიანის საქმე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის თვალნათელი ნიმუშია, რაც უგულებელყოფს  ევროსაბჭოს წევრ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება  ქართული სახელმწიფოს დეკლარირებულ ამოცანებს
დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს პოლიტიკური ძალადობის უკანონო
აქტს, რომელიც გიორგი ონიანის წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო
დაკვეთით განხორციელდა." - წერია ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადვოკატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვით, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიორგი ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის. 

კომენტარები