სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია: სამინისტროების გაერთიანებას შედეგი არ ექნება, თუ ხარჯები არ შემცირდება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, "სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას არ ექნება არანაირი დადებითი ეფექტი, თუ ამას არ მოჰყვა ხარჯების მასიური შემცირება". ბოკერია მთავრობაში დაგეგმილ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, სამთავრობო გუნდმა უნდა წარადგინოს გეგმა, თუ რამდენით მცირდება ხარჯები და რას მოხმარდება დაზოგილი თანხა.

"პირველ რიგში, უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, რათა შეუმსუბუქდეს ტვირთი თითოეულ მოქალაქეს და წვრილ ბიზნესს, რათა ეკონომიკამ რეალურად დაძრას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმე, და მეორე არის, პენსიის ზრდა და სოციალური დახმარების ზრდა, ყველაზე უფრო გაჭირვებული ჯგუფებისთვის, სადაც არის უმძიმესი ვითარება." - აღნიშნა ბოკერიამ.  

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, სამთავრობო ცვლილებების შედეგები საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით სულ რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები 13 ნოემბერს წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა თანხა დაიზოგება "ხარჯების რაციონალიზაციით და ოპტიმიზაციით".

ცვლილებები ასე გამოიყურება:

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი. უწყების პოსტზე დიმიტრი ქუსმიშვილი ინიშნება;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი (სპორტის ნაწილი) მინისტრი იქნება მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება, უწყების ხელმღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა, უწყების მინისტრად კი ინიშნება მიხეილ ჩხენკელი (თსუ-ს მოქმედი პრორექტორი);

კომენტარები