საკადრო ცვლილებები

სერგი კაპანაძე: თეა წულუკიანი რა პრინციპით დარჩა თანამდებობაზე?

თეორემა/ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთდერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებასა და მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს Facebook-ზე აფასებს. მისი თქმით, სანამ სრულ შეფასებას გააკეთებს, აუცილებელია, გავიგოთ, რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც სამინისტროების შემცირებით გამოთავისუფლდება. 

"თუ ეს თანხები დაიხარჯა ისევ ბიუროკრატიულ აპარატზე და სამინისტროები კი არ გაუქმდა, არამედ მექანიკურად შეერწყა, მაშინ აზრი არ აქვს ასეთ გაუქმებას. თუ თანხები გამოთავისუფლდა, მაშინ ის მიმართული უნდა იყოს ერთი მხრივ სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და მეორე მხრივ, გადასახადების შემცირებით მიღებული დანაკლისის შესავსებად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ამას სულ მალე ვნახავთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ერთი მოხდება და არც მეორე,"- ამბობს სერგი კაპანაძე. 

დეპუტატი პოზიტიურად აფასებს სპორტისა და ახალგაზრდობის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაუქმებას. ასევე ფაქტს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა და გიორგი მღებრიშვილი მინისტრები აღარ იქნებიან. ხოლო ნეგატიურად შემდეგ მოვლენებს აფასებს:

"- ბატონი ბახტაძე, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელმძღვანელობდა ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელ უწყებას - რკინიგზას. მისი ხელძღვანელობის პერიოდში, 2013-2016 წლებში, წინა სამ წელთან შედარებით რკინიგზის მოგება სამჯერაა შემცირებული და 87 მლნ დოლარზეა ჩამოსული. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობისას, 2015 წელს რკინიგზამ ზარალი (!!!) ნახა, რაც უპრეცედენტოა ბოლო წლებში. შესაბამისად, მისი ფინანსთა მინისტრობა რატომ იქნება წარმატებული, ჩემთვის გაუგებარია.
- სუსი ისევ გაძლიერდა, ამჯერად საგარეო დაზვერვის შერწმის შედეგად. არადა ეს უწყებაა, პირველ რიგში, გასაუქმებელი/შესამცირებელი
- ევროპული და ევრო-ატლანტიკური საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქცია ევროკავშირისთვის საჭირო შიდა რეფორმების კოორდინაცია იყო. ერთია, ამას თავს რამდენად ართმევდა ეს სამინისტრო და მინისტრი, მაგრამ მეორეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენად არის ის უწყება, რომელიც ასეთ ფუნქციას წარმატებით აიღებს თავის თავზე. შიდა რეფორმებს და საგარეო პოლიტიკას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. 

- ბატონი გახარია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი წარუმატებელი მინისტრი იყო. ახლა მისი შსს-ში გადაყვანა რატომ იქნება მენეჯმენტის კუთხით გარღვევა, სრულიად გაუგებარია,"- წერს კაპანაძე. 

ევროპული საქართველოს წევრის თქმითვე, უცნაურია, თუ რა პრინციპით დატოვეს თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.

"თეა წულუკიანი რა პრინციპით დარჩა თანამდებობაზე? საინტერესოა, რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში ისეთი, რომ არასოდეს არაფერი ეხება. ჩემს წინა პოსტში და ოთარ კახიძის პოსტში შეგიძლიათ ნახოთ მისი უამრავი გაფუჭებული საქმე. აი, გაკეთებულს კი ვერ ვიხსენებ,"- წერს კაპანაძე. 

კომენტარები