ფადი ასლი

ასლი: სასამართლო კორუმპირებული კლანების დაცვის ნაცვლად რეფორმებით უნდა დაკავდეს

ტაბულა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ფადი ასლი მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძისთვის კორუმპირებულის წოდების გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმდა, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც პირი სასამართლოს კრიტიკისთვის დაისაჯა.

"ეს საქმე არ არის კორუმპირებული მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ჩემს წინააღმდეგ, ეს არის საქმე სრულიად სასამართლო სისტემისა ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც ბედავს და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ საკუთარ აზრს აფიქსირებს. ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა. სასამართლო სისტემა საკუთარი თავის დაცვას ცდილობს ამ კედლის აღმართვით, რომ დასაჯოს ნებისმიერი ვინც მასში არსებული პრობლემების შესახებ ხმას იღებს", - ტაბულასთან საუბარში ამბობს ასლი.

ფადი ასლიმ მოსამართლეს, რომელმაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს $138 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა კორუმპირებული უწოდა. საქმე იმაშია რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეყრდონობოდა კანონის მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. შემდეგ კი ისინი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.  

კომპანიების უსაფუძვლოდ დაჯარიმების გამო ფადი ასლიმ ეჭვი გამოთქვა, რომ მოსამართლე კორუმპირებული იყო, რისი საჯაროდ გაცხადების შემდეგაც ვლადიმერ კაკაბაძემ ასლის უჩივლა. გუშინ კი საქალაქო სასამართლომ ასლის კაკაბაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 000 ლარის გადახდა დაავალდებულა. ასლის შეფასებით ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, რადგანაც ის ეწინააღმდეგება კონსტიცუციით მინიჭებულ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს. კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლომ ფადი ასლის დაჯარიმებით კანონის მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რითიც საჯარო ხელისუფლების ყველა კრიტიკოსს გაუგზავნა სიგნალი, რომ მათი კრიტიკა დასჯადი ხდება.

კომენტარები