ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის პანთეონში, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ

Wikipedia

დღეს, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ. ცხედარს 11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება და სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 

ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. 

მთაწმინდის პანთეონი ამ დრომდე დახურული იყო, ისევე როგორც დიდუბის პანთეონი და საზოგადო მოღვაწეებისთვის ახალი პანთეონის მოწყობა მახათას მთაზე იგეგმებოდა. თუმცა, ამან ქართველი მწერლების, ასევე მსახიობების პროტესტი გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ "მახათას მთა შორია" და მერიას დიდუბის პანთეონის გაფართოებას სთხოვდნენ. 

ჯანსუღ ჩარკვიანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალვას ეწინააღმდეგებოდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ 6 ნოემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში აგვისტოს თვეში გადაიყვანეს.

ჩარკვიანის პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი”, „დიდი ნათელი”, „ერთტომეული”, „რჩეული პოემები”, „მე და შენ” , „არცა ვმსახურობდე სხვას!” , პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”.

ჯანსუღ ჩარკვიანს მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიები. ასევე მიღებული ჰქონდა შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი 1995 და 1999 წლებში.

კომენტარები