პაატა პავლიაშვილის საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

პალიტრა ნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს. 

გაბედავას პლაკატი ეჭირა, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. პოლიციელებმა მას პლაკატის შენახვა მოსთხოვეს, რაზეც გაბედავამ უარი თქვა. ის სწორედ ამის შემდეგ დააკავეს. სამართალდამცველებმა თქვეს, რომ გაბედავა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

გაბედავას თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საბურავებიც ჰქონდა მიტანილი და მათ დაწვას აპირებდა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეები 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის და დაღუპული პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადადგომაც არის. 

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე, პაატა პავლიაშვილი მაშინ გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცავები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ.

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე არცერთი სამართალდამცავის სამხრე კამერაზე, ისევე როგორც საპატრულო მანქანის ვიდეოკამერაზე სრულად არ არის აღბეჭდილი ინციდენტის განვითარება, უშუალოდ დაკავების ეპიზოდი და მისი წინარე პერიოდი, სადაც გამოჩნდებოდა, იყო თუ არა საფუძვლიანი მოქალაქის დაკავება, რა ძალა გამოიყენა პოლიციამ დაკავების ეპიზოდში, როგორ მოიქცა პოლიცია მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ადგილი ხომ არ ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობას ან სხვა ტიპის დარღვევას, რასაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა გამოეწვია.

კომენტარები