სააკაშვილი-ქარდავა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ვადასტურებთ, რომ სააკაშვილმა ქარდავას ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტაბულას დაუდასტურა, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას 2010 და 2012 წლებში ორდენები გადასცა. 

2010 წელს მეგის ქარდავა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 2012-ში კი - ღირსების. ტაბულამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შესაბამისი დოკუმენტები გამოითხოვა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა 1 ნოემბერს უკრაინაში დააკავეს, ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ამჟამად ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის მისი ექსტრადაციის მოთხოვნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ქარდავას დაკავების შემდეგ, უკრაინულმა "პრავდამ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით, სადაც ქარდავა სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლად მოიხსენია. რის შემდეგაც, ექსპრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მეგის ქარდავას პირადად არასდროს შეხვედრია და უფრო მეტიც, "მისი არსებობის შესახებ" მხოლოდ პრესის საშუალებით იცის. 

კომენტარები