თავდასხმა ეხო მასკვის ჟურნალისტზე

თავდასხმა ეხო მასკვის ერთერთ რედაქტორზე - რა ვიცით ამ დროისთვის

23 ოქტომბერს მოსკოვის დროით, დაახლოებით, დღის პირველი საათისთვის, "ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორს ტატიანა ფელგენჰაუერს რადიოს შენობაში თავს დაესხნენ.

"ეხო მასკვის" კიდევ ერთმა რედაქტორმა სერგეი ბანტმენმა Meduza-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავდამსხმელი შენობაში ქუჩა ნოვი არბატის მხრიდან შევიდა და შენობის დაცვის თანამშრომელს თვალებში ცრემლსადენი გაზი შეასხა, რის შემდეგაც ის მე-14 სართულზე ავიდა, სადაც ეხო მასკვის სტუდიაა განთავსებული. სადგურის რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვის თქმით, ამის შემდეგ მან ფელგენჰაუერი კისერში დაჭრა. 

"თავდამსხმელს არ უყვირია. ყველაფერი წყნარად და მშვიდად მოხდა. ის კიბეებზე ავიდა, ფელგენჰაუერი დაიჭირა და ჭრილობა მიაყენა,"- ამბობს ბანტმენი.

რადიო სადგურის დაცვის წევრებმა მამაკაცი დააკავეს. ბანტმენი ამბობს, რომ თავდამსხმელმა დაცვის ერთერთი წევვრისთვის ზიანის მიყენება მოახერხა, როცა მას აკავებდნენ.  

ფელგენჰაუერი მაშინვე გადაიყვანეს მოსკოვის ერთერთ კლინიკაში. 

"როდესაც ის სასწრაფოთი გადაიყვანეს, ტანია გონზე იყო და სიარული შეეძლო, მაგრამ ცხადია, რომ ის თავის საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო,"- ამბობს ეხო მასკვის ჟურნალისტი ოლგა ბიჩკოვა. 

ვენედიქტოვმა მოგვიანებით დაამატა, რომ ექიმები ვერ იჯერებდნენ, რომ ფელგენჰაუერის სიცოცხლე საფრთხეში იყო. ეხო მასკვის წამყვანი და ფელგენჰაუერის მეგობარი ირინა ვარაბიოვამ Twitter-ზე საავადმყოფოს დირექტორის სერგეი პეტრიკოვის განცხადება გამოაქვეყნა:

"მისი მდგომარეობა სერიოზულია. ის ახლა საოპერაციო ოთახშია. ქირურგიული ჩარევა ჯერ არ დასრულებულა. მას კისერზე დანით აქვს ჭრილობა მიყენებული. კარგია, რომ ასე სწრაფად მოიყვანეს კლინიკაში".

ფენგენჰაუერზე თავდასხმის მოტივი ცნობილი ამ დრომდე არ არის. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია პოლიციის მიერ. რამდენიმე სახელისუფლებო მედია (RIA, Interfax, Lenta.ru) ანონიმურ წყაროზე აცხადებს, რომ თავდამსხმელი ფელგენჰაუერს პირადი მიზეზით გაუსწორდა. ეხო მასკვის ჟურნალისტი ტონია სამსონოვმა ინტერნეტში დაწერა, რომ ფელგენჰაუერი არ იცნობდა თავდამსხმელს. იმავეს ამბობენ სხვა კოლეგებიც. 

პოლიციაზე დაყრდნობით, ინტერნეტგამოცემა "რესპუბლიკა" წერს, რომ თავდამსხმელთან ფსიქიატრთა ჯგუფი მუშაობს. როდესაც თავდამსხმელი პოლიციელებმა დააკავეს, ის "უცნაურად" იქცეოდა და შეკითხვებზე გაურკვეველ პასუხებს სცემდა. Telegram-ის ცნობით, მამაკაცი ამტკიცცებდა, რომ ფელგენჰაუერთან "ტელეპათიური კავშირი" ჰქონდა. 

"ის ძალიან მომაბეზრებელი იყო. ის ჩემს გონებაში იყო," - უთხრა მან პოლიციას. 

იმ დროისთვის, როცა ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა, პოლიცია დანაშაულის ადგილს კვლავაც იძიებდა. ოფიციალურად, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ თავდამსხმელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თავდაპირველად, პოლიციამ გამოძიება "ხულიგნობის" მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა. 

თავდამსხმელი, შესაძლოა, მენტალურად დაავადებული იყოს.

პირველი მედია, რომელმაც თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო, ტაბლოიდი Life იყო, რომელმაც თქვა, რომ ფელგენჰაუერს თავს ბორის გრიტცი დაესხა. ჟურნალისტმა რომან მოგუჩიმ აღმოაჩინა Wordpress-ის ბლოგი, რომლის ავტორის სახელი და გვარიც თავდამსხმელის სავარაუდო სახელსა და გვარს ემთხვეოდა. ბლოგზე ავტორი წერდა, ფელგენჰაუერისადმი მისი ზიზღის შესახებ და მათ "ტელეპათიურ კავშირზე". იმავე ბლოგში გრიტსი ფელგენჰაუერის კოლეგებს მოუწოდებდა, რომ მას ცუდად მოქცეოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, "უსიამოვნო შედეგებით" იმუქრებოდა. 

ბორის გრიტსმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 1991 წელს დაამთავრა და ფიზიკის მასწავლებლობის სტატუსი მოიპოვა. 1993 წელს ის ისრაელში წავიდა, სადაც ფიზიკასა და მათემატიკაში დოქტორის ხარისხი დაიცვა და იერუსალიმის უნივერსიტეტში 4 წლის მანძილზე ასისტენტ პროფესორად მუშაობდა. 2007-2008 წლებში ის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარი იყო. 2009 წელს ის დათანხმა რუსეთის ჰიდრომეტეროლოგიური ცენტრის მკვლევარის თანამდებობას. Meduza-ს ცნობით, გრიტსი იქ "რამდენიმე წლის წინ მუშაობდა". ამის შემდეგ ის კვლავ ისრაელის ერთერთ კოლეჯში ასწავლიდა, სადაც თელავივის უნივერსიტეტში ატმოსფეროს შესწავლა დაიწყო. 

გრიტსმა კანადაში ვებ-პროგრამირების 1-წლიანი კურსი გაიარა და მართვის მოწმობის აღებაც შეძლო. ისრაელში მას მძღოლად მუშაობის უფლება არ მისცეს, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და 2017 წლის ზაფხულში მან გაეროს ადამიანთა უფლებების კომისიაში განცხადება გაგზავნა. მან ვერ შეძლო სამსახურის შოვნა: 2012 წლის შემდეგ ისრაელის ყველა ორგანიზაცია უარს ეუბნებოდა სამსახურის დაწყებაზე. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც თავს გადამხდა ბოლო 5 წლის მანძილზე ისრაელის საზოგადოების სერიოზული პრობლემების მტკიცებულებაა,"- წერდა გრიტსი თავის ბლოგზე. გრიტსი ასევე წერდა, რომ მას არ შეეძლო ფიზიკური სამუშაოს შესრულება, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მათ შორის გადატანილი ჰქონდა გულის შეტევა. 

ფელგენჰაუერის თანაწამყვანმა ალექსანდრ პლუშევმა Meduza-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეხო მასკვის ჟურნალისტები მუდმივად იღებდნენ მუქარის წერილებს. 

"ეხო მასკვის ყველა წამყვანი სხვადასხვა ადამიანისგან მეტად თუ ნაკლებად იღებდნენ მუქარის შემცველ შეტყობინებებს მობილურსა თუ ონლაინ სივრცეში. უბრალოდ, ის არის, რომ ზოგიერთი უფრო მეტად იღებდა ამ შეტყობინებებს, ზოგიერთი კი ნაკლებად. ჩვენ, როგორც წესი, მსგავს მუქარებს უგულებელვყოფთ. მე ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მუქარის შემცველი წერილი არ მიმიღია, თუმცა არ ვიცი მიიღო თუ არა ტანიამ [ფელგენჰაუერი]. არ ვიცი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ თავდასხმის მაპროვოცირებელი,"- ამბობს პლუშევი. 

სახელისუფლებო მედია Россия 24-მა ეხო მასკვი და ტატიანა ფელგენჰაუერი "დასავლეთისთვის მუშაობაში" დაადანაშაულა. იმავე ტელეკომპანიის კორესპონდენტი იყო პირველი, ვინც ფელგენჰაუერზე თავდასხმა გააშუქა. 

11 ოქტომბერს ინტერნეტტელევიზია Россия 24-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "სახელმწიფო დეპარტამენტის ექო: მოსკოვის ექო დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს". სტატიაში საუბარი იყო "არაკომერციულ სტრუქტურებზე, რომლებსაც დიდი ფინანსური რესურსი აქვთ, რაც რუსეთისთვის იმაზე საშიში ხდება, ვიდრე ISIS-ი და ეხო მასკვი "ანტისახელისუფლებო აქტივობასა" და "უცხოეთის აგენტობაში" დაადანაშაულეს. მედია ახსენებდა ორენბურგში გამართულ კონფერენციას, რომელსაც უცხო ქვეყნის ჟურნალისტები ესწრებოდნენ. იმავე კონფერენციაში ფელგენჰაუერიც მონაწილეობდა და Россия 24-მა ხაზი გაუსვა იმას, რომ კონფერენციის თემების ნაწილი ეხებოდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მედიის შევიწროვების საკითხებს. 

12 ოქტომბერს Россия 24-მა კიდევ ერთი სიუჟეტი მოამზადა ეხო მასკვიზე, სადაც მედიამ მთლიანად რადიო და პირადად ფელგენჰაუერი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა "დასავლეთზე მუშაობისთვის". ეხო მასკვის ყოფილმა წამყვანმა ტიხონ ძიადკომ აღნიშნა, რომ ისეთი სიუჟეტები, როგორსაც Россия 24 უშვებდა, შესაძლოა, გაუწონასწორებელი ადამიანებისთვის ერთგვარი ბიძგი ყოფილიყო დანაშაულის ჩასადენად. 

"თუკი ტელევიზია გააგრძელებს მათთვის გონებაში იმის ჩანერგვას, რომ ეხო მტერია, მაშინ ისინი წავლენ და დანას აიღებენ,"- წერდა ძიადკო 23 ოქტომბერს. 

ორშაბათის ჩათვლით, Россия 24 ძალიან გულმოდგინედ აშუქებდა ფელგენჰაუერზე თავდასხმას. ერთერთი კორესპონდენტი, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, არც მეტი და არც ნაკლები ანტონ პოდკოვენკო იყო, რომელიც გასულ კვირებში მუშაობდა სიუჟეტზე "სახელმწიფო დეპარტამენტის ექო". თავდასხმაზე მომზადებულ სიუჟეტში პოდკოვენკოს არაფერი უთქვამს ეხო მასკვისა თუ ტატიანა ფელგენჰაუერის საქმიანობაზე. 

"ინფორმაცია ნებისმიერ წუთს შეიძლება განახლდეს. ცხადია, ჩვენ ამ ისტორიას ბოლომდე მივყვებით,"- თქვა მან ჩართვაში და სიუჟეტიც დასრულდა. 

კომენტარები