არჩევნები 2017

ნოდია ენმ-ზე: მეორე ტურში არმონაწილეობა არის უკიდეგანო სისულელე

ვიცი ჩემგან "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ისევ კუდებს მოაბამენ, მაგრამ უთქმელობაც არ იქნება: ეს მეორე ტურში არმონაწილეობა არის უკიდეგანო სისულელე. მთელი დემოკრატიას მოწყურებული საზოგადოება მოთქვამს (თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით), რომ თბილისში მეორე ტურსაც კი ვერ მივაღწიეთ; ქუთაისში მიაღწიე ამ მეორე ტურს, მაგრამ ზურგს აქცევ?

თან არათანმიმდევრულობაც: ამბობ, რომ არჩევნები ყალბდება და მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არა აქვს, მაგრამ შედიხარ საკრებულოებში, რომელშიც ამ „გაყალბებული“ არჩევნებით აგირჩიეს. ეს უკვე ვერაფერში ვერ ჯდება.

ვინც ამაყად ამბობს, რომ ქუთაისის მერს ამით „ლეგიტიმურობა წაერთმევა“, უბრალოდ, პოლიტიკური წერა-კითხვა არ იცის და ანბანი თავიდან აქვს სასწავლი. ვინ დაგნიშნა ლეგიტიმურობის მსაჯულად?

ძალიან კარგია, რომ ამ გადაწყვეტილებას ნაცმოს ბევრი ტრადიციული მომხრეც აკრიტიკებს და (ჯერჯერობით მაინც) მათ ბიძინასთან შეკრულობას არ აბრალებენ (თუ არ გამომრჩა რამე).

ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო საარჩევნო გარემოს ზოგადი უსამართლობა, მაგრამ ნეტარი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ოპოზიციამ (კერძოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“) სინამდვილეში მოიგო, ოღონდ ეს მოგება წაართვეს. გასაგებია, რომ ბრძოლა უთანასწოროა, მაგრამ უთანასწორო პირობებშიც ბოლომდე ბრძოლა უნდა შეგეძლოს. ან გადასახლდი დანიაში და იქ იბრძოლე თანასწორად.

კომენტარები