საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობა

ბორის ჯონსონი: ბრიტანეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ბორის ჯონსონმა მიხეილ ჯანელიძეს უთხრა, რომ ბრიტანეთი საქართველოსთან მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯონსონმა თქვა, რომ ის უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა. 

"საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობა ვითარდება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის და ჩვენ ამ საკითხებს შევეხებით შეხვედრის დროს. განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთში ბოლო წლებში გაიზარდა ქართული ღვინის იმპორტი და ასევე გაიზარდა ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ გავააქტიუროთ თანამშრომლობა და მე მაქვს დიდი სურვილი ვეწვიო საქართველოს უახლოეს მომავალში"- განაცხადა ბორის ჯონსონმა საგარეო უწყების ცნობით. 

პარალელურად, ლონდონში საქართველო - გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - „უორდროპის დიალოგის“ მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ვიცე პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა საზეიმოდ გახსნეს. 

"ჩემი სურვილია, რომ გამოვიჩინოთ მეტი ამბიცია არსებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში რაც კარგი მაგალითი იქნება ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ საგარეო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ თბილისში ჩვენი მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის განსახილველად. ეს დიალოგი კიდევ უფრო გააქტიურდება უახლოეს თვეებში"- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა

კომენტარები