საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობა

გრიგოლ ვაშაძე ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ლონდონში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს საგარეო და თანამეგობრობის საკითხებში, უილიამ ჰეიგს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ და უილიამ ჰეიგმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები. მათ შორის, ჩიკაგოს ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. ამ კონტექსტში, ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატოს ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში და მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ მხარეს ევრო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. გრიგოლ ვაშაძემ ბრიტანელ კოლეგას რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებთან Кавказ-2012 დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული სამხედრო წვრთნები მიუღებელია ქართული მხარისთვის, როგორც მათი გამართვის ადგილისა და მასშტაბის, ისე დროის თვალსაზრისით - მანევრები 2012 წლის სექტემბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარდება.

 

კომენტარები