არჩევნები 2017

ნორაკიძე: ცესკო არაა დაინტერესებული ხმების დათვლის პროცესზე ჩვენი დასწრებით

ტაბულა

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, მათი სამი დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. ივანე ნორაკიძის თქმით, ცესკო არ არის დაინტერესებული, რომ მათი დამკვირვებლები დაესწრონ ხმების დათვლის პროცესს.

"სამი საარჩევნო უბნიდან სრულიად უკანონოდ მოხდა ჩვენი წევრების გამოგდება პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ამას არ ჰქონია არანაირი კანონიერი საფუძველი. მიზეზად მოხსენიებული არის ის, რომ ეს ადამიანები აკვირდებოდნენ საარჩევნო სიებს და ამით ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. სწორედ მას გაიძახის ცესკო მთელი დღეა, რომ დამკვირვებლბეს აქვთ უფლება სიებზე დაკვირვების და ჩანაწერების გაკეთების, მაგრამ ჩვენს წარმომადგენლებს ამის გამო უბნები დაატოვებინეს. ფაქტია, რომ არჩევნები ყალბდება სერიოზულად, ცესკო არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენი დამკვირვებლები დაესწრონ ხმების დათვლის პროცესს. ერთადერთი ამის წამალი არის ის, რომ აქტივობა მაქსიმალურად გაიზარდოს. რაც უფრო მეტი ხალხი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლები აქვს შანსი ცესკოს ის ციფრები დაწეროს, რაც წინასწარ აქვს განზრახული", - ამბობს ნორაკიძე.

მისი ინფორმაციით, დამკვირვებლები გამოაძევეს დიდუბის N1, მთაწმინდის N6 და საბურთალოს N72 უბნებიდან.

ივანე ნორაკიძე ასევე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლი იძლევა ნებისმიერი ინფორმაციის ფოტო გადაღების უფლებას, გარდა კონფიდენცუალური ინფორმაციისა, თუ კომისიას მუშაობაში არ ეშლება ხელი.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ალეკო ელსიაშვილის შტაბის წარმომადგენლებს სულ 12 საჩივარი აქვთ დაწერილი.

კომენტარები