შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო აბულაძემ მოძრაობის წესები დაარღვია და საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს მანქანას დაეჯახა. ენმ-ის განცხადებით კი, "უბანთან შეკრებილ საჯარო მოხელეებთან მივიდა თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი და მოუწოდა, აღეკვეთათ აგიტაცია. როცა უკან გამობრუნდა, მის ავტომანქანას დაეჯახა სავარაუდოდ შსს-ის გენერალური ინსპექციის ავტომობილი, ვერცხლისფერი შკოდა".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინო აბულაძე 250 ლარით დააჯარიმეს.
"BMW-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია. კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას შეეჯახა შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას. აღნიშნული ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას" - აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის ბრალეულობა ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა" - აცხადებს შსს.





