არჩევნები 2017

აბესაძე: მერიაში დასაქმებულ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობას აიძულებდნენ

ტაბულა

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები, რომლებიც გაფორმებულები არიან დამკვირვებლებად, არჩევნებზე მისულ ხალხს აღრიცხავენ. 

დეპუტატი ამბობს, რომ ეს უკანონობაა და ცესკო ამას ხელს უწყობს, როცა ამბობს, რომ "პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია საკუთარი ამომრჩევლების, მხარდამჭერების ორგანიზება".

ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, საჯარო მოხელეებზე, განსაკუთრებით თბილისის მერიის სისტემაში დასაქმებულ ადამიანებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა მათ არჩევანი მმართველი გუნდის სასარგებლოდ გაეკეთებინათ.

"იყო მუქარა, რომ ისინი სხვა შემთხვევაში დაკარგავდნენ სამსახურს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 12 საათამდე ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება და ადამიანების იძულება, რომ გამოცხადნენ საარჩევნო უბნებზე. ამას ადასტურებენ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან "ევროპული საქართველოს" სახელით. ამას სამწუხაროდ ხელს უწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციებიც. ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით ქართული ოცნების კოორდინატორები, რომლებიც გაფორმებულები არიან დამკვირვებლებად, აღრიცხავენ საარჩევნო სიაში მოსული ადამიანების სახელსა და გვარს. ცოტა ხნის წინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა განცხადება, რომ ეს არის კანონიერი ქმედება და მოუწოდა ადმინისტრაციებს, ხელი არ შეუშალონ "ქართული ოცნების" კოორდინატორებს მსგავს აღრიცხვაში. ეს არის უხეში კანონდარღვევა, არ არის საჯარო ინფორმაცია კონკრეტულმა ადამიანმა მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. "ქართული ოცნება", ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციები ერთად, შეთანხმებულად მოქმედებენ იმისთვის, რომ იყოს კონტროლი ადმინისტრაციულ მოხელეებზე, მერიის თანამშრომლებზე",  ამბობს აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები უბნებთან დგანან სიებით ხელში და ინიშნავენ ყველა იმ ადამიანის მისვლას, რომლებიც მათ სიაში წინასწარ ჰყავთ შეყვანილი.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები