არჩევნები 2017

"ოცნების" წევრების დაჭრაზე გამოძიება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ქართული ოცნების მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის და მოქმედი დეპუტატის დაჭრის საქმეზე შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, "სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა".

დაჭრილები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან. მათგან ორს ოპერაცია ჩაუტარდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობას, ექიმის თქმით, მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. ის არ გამორიცხავს, რომ დაწყებულ გამოძიებაზე კვალიფიკაცია შეიცვალოს. 

"ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის. მიმდინარეობს გამოძიება, გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია, ასე რომ, უნდა დაველოდოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციებს იღებენ და ამუშავებენ. საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, - თქვა მღებრიშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ხვალ იმართება. გუშინ დილით, შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. მინისტრის თქმით, „შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს".

კომენტარები