დისკრიმინაცია

ომბუდსმენი: IG Development Georgia-მ დეკრეტის მერე დასაქმებულს შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლის მიერ "ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია" დაადგინა. ომბუდსმენის ცნობით, IG Development Georgia-მ დეკრეტული შვებულების შემდეგ დასაქმებულს შრომითი ურთიერთობა აღარ გაუგრძელა. 

"სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების ვალდებულებას არ წარმოშობს, თავისი არსით, შრომითსამართლებრივი ხელშეკრულება იყო, ვინაიდან განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაო კომპანიისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი იყო, აუცილებელი იყო მის მიერ სამუშაოს პირადად შესრულება, განმცხადებელი ექვემდებარებოდა დამსაქმებელს და ის სამუშაოს გარკვეული ფუნქციური წესების მიხედვით ასრულებდა. ასევე, ქონება, რომელიც აუცილებელი იყო სამუშაოს შესრულებისთვის, კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა,"- წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

უჩა ნანუაშვილი რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ შპს IG Development Georgia-ს მიერ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი დასაქმებულის ორსულობამ გამოიწვია. ომბუდსმენი კომპანიას მოუწოდებს, "აღმოფხვრას დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით".

კომენტარები