ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთი ეთნიკური ქართველებისთვის გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს

accent.com.ge

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალში მცხოვრები დაახლოებით 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს. შეზღუდვა იმ ადამიანებს შეეხებათ, ვინც რეგიონში ცხოვრობენ, მაგრამ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზეც გადაადგილდებიან. 

გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ 12 ოქტომბერს ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ადმინისტრაციამ დაახლოებით 4 ათასი "ყოფილი გალელი გამოავლინა", რომელიც ახლომახლო, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მაგრამ „პერიოდულად კვეთენ საზღვარს თავიანთი მიწების დასამუშავებლად, თხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაკრეფად“. 

"ადრე მათ აფხაზური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ეს უკანონო იყო. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ, რომ ასეთმა მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვა მიიღონ. საქმე ისაა, რომ ეს დოკუმენტი მათ ქართულ-აფხაზური საზღვრის შეუფერხებელი გადაკვეთის უფლებას აძლევს, თუმცა, რეალურად ისინი აფხაზეთში ვიზებით უნდა ჩამოდიოდნენ" - თქვა ნადარაიამ. 

ნადარაია ე.წ ბინადრობის ნებართვების გაცემის მიმდინარე პროცესს გულისხმობდა, რომელიც გალში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აფხაზეთში ცხოვრების, საკუთრების გაყიდვის ან მემკვიდრეობით გადაცემის და დანარჩენ საქართველოში გადაადგილების საშუალებას აძლევს, თუმცა სრულად ართმევს პოლიტიკურ უფლებებსა და ქონების ყიდვის უფლებას.

გალის რაიონის საპასპორტო და სავიზო ორგანოს უფროსის, თემურ მინაიას თქმით, მისმა სტრუქტურამ ბოლო ოთხი თვის მანძილზე ბინადრობის ნებართვის მიღების თაობაზე 3137 განაცხადის დამუშავება დაიწყო. 422 დოკუმენტი უკვე გაიცა, 487 კი გასაცემად მზად არის. 

დოკუმენტის მიღება შეუძლიათ:

  • აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონის ტერიტორიაზე დაბადებულ "უცხო ქვეყნის მოქალაქეებს" და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც იქ 1999 წლის შემდეგ, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში ცხოვრობენ.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აფხაზური პასპორტის მქონე ადამიანზეა დაქორწინებული, თუ ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და აქვს აფხაზეთში ე.წ ბინადრობის ნებართვა. 

აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი დოკუმენტის, მოქალაქის პასპორტის მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, ასევე ის პირი, რომელიც არ არის ეთნიკური აფხაზი, თუმცა 1994-დან 1999 წლამდე აფხაზეთში ცხოვრობდა და არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა რუსეთის ფედერაციისა.

ბინადრობის ნებართვის მიღების ფასი 940 რუბლია, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი კი - 450 რუბლი. 

Civil.ge-ს ცნობით, ეს დებულებები არ ვრცელდება გალის რაიონში ომამდე მცხოვრებ 80 000-მდე მოსახლეობის ნახევარსა და აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ 200 000-მდე ეთნიკურ ქართველზე, რომლებმაც 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს სეპარატისტული რეგიონი. Civil.ge-ს შეფასებით, ახალი შეზღუდვა, რომელიც იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც რეგიონიდან სეზონურად გადიან, სავარაუდო მცხოვრებთა რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. 

კომენტარები